"ყოფილი საბჭოთა ქვეყნები რუსეთს არ დაემორჩილნენ, რას იზამს ამერიკა?" – ამ სათაურით აქვეყნებს Washington Post "დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" პრეზიდენტის კარლ გერშმანის სტატიას.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასადის რეჟიმის მხარდაჭერით გარკვეულ წარმატებას მიაღწია შუა აღმოსავლეთში პოზიციების გამყარებაში. თუმცა, მისი წარმატება ამ საკითხში ნაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან მოსკოვს პრობლემები ემატება "ახლო საზღვარგარეთში".
"ცივის ომის კლასიკური აღმოსავლეთ-დასავლური დაპირისპირების საპასუხოდ, თუმცა შეერთებული შტატების აშკარა გვერდზე დგომით, რუსეთმა ეკონომიკური და უსაფრთხოების მუქარა გამოიყენა, რათა ევრაზიულ საბაჟო კავშირში მოექცია პოსტ-კომუნისტური ქვეყნები და დაებლოკა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვასა და უკრაინის ევრო სტრუქტურებში საბოლოო ინტეგრაციას მოიაზრებს. რუსეთის ზეწოლა კიდევ უფრო გამწვავდა ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, რომელზეც სავარაუდოდ, ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს", - წერს კარლ გერშმანი.
"დემოკრატიის ხელშემწყობი ფონდის" პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ ჯერჯერობით, მხოლოდ სომხეთი მოექცა, რომელიც მზადაა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს, რადგან მოსკოვი სომხეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მეზობელ აზერბაიჯანთან მიმართებაში.
კარლ გერშმანის თქმით, სხვა ქვეყნებში რუსეთის დაშინებებს მისთვის არასასურველი შედეგები მოჰყვა. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მართალია რუსეთმა საკუთარ ბაზარზე მოლდოვური ღვინის გაყიდვა აკრძალა და გაზის მიწოდების შეწყვეტითაც დაემუქრა, თუმცა მოლდოვა ერთგული რჩება ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პარაფირების მიმართ, მოსკოვის ენერგო მუქარას კი რუმინეთთან მილსადენის მშენებლობის შეთანხმებით უპასუხა.
"წლების განმავლობაში, საქართველო რუსეთის ბოიკოტისა და უსაფრთხოების მუქარის სამიზნე იყო. მართალია, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი მმართველობისას ქვეყანა ნაკლებად ანტირუსული იქნება, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის დროს იყო, თუმცა საქართველო ამავდროულად გეგმავს ვილნიუსში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პარაფირებას, რითაც იმის სიგნალს იძლევა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია ეროვნული მისწრაფებაა და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის არჩევანი", - წერს კარლ გერშმანი.
"დემოკრატიის ხელშემწყობი ფონდის" პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის დაშინება კონტრ-პროდუქტიული გამოდგა უკრაინაშიც, რომელსაც რუსეთი ტრადიციულად ხშირად ემუქრება ეკონომიკური და სავაჭრო სანქციებით, მათ შორის უკრაინული შოკოლადის რუსეთში იმპორტის აკრძალვით.
"ევროპაში მიმდინარე პროცესმა ნაკლები ყურადღება მიიპრო ამერიკული მედიისა და ობამას ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც ძირითად შუა აღმოსავლეთისა და აზიის საკითხით იყო დაკავებული. მაგრამ არსებობს შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი გზები, რითიც ვაშინგტონს შეუძლია დახმარება. აშშ-მა უნდა ითანამშრომლოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოს, რომ მიმდინარე რეფორმებმა არა მხოლოდ განვითარებასა და ვაჭრობის საკითხებს შეუწყოს ხელი, არამედ შექმნას ნაკლებად კორუმპირებული და საკუთარი ხალხის წინაშე მეტად ანგარიშვალდებული მთავრობები. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არა როგორ დასასრული, არამედ უფრო ღრმა რეფორმებისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის საწყის ეტაპად უნდა განვიხილოთ", - აღნიშნავს კარლ გერშმანი.