ცენტრალური საარჩევნო კომისია დაინტერესებულ მხარეებს ამომრჩეველთა სიების ნაკლოვანებებზე საუბრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცსკ-ის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კირთაძემ განაცხადა.
"მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ მოსაზრებას ამომრჩეველთა ერთიან სიაში მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობის შესახებ. მსგავსი განცხადებები არ უწყობს ხელს საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებასა და არჩევნების ნორმალურად წარმართვას. ამავე დროს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო სიები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და მყარ საფუძველს ქმნის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ამომრჩეველთა სიების ფორმირება ხდება სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხდება ამ მონაცემების გაერთიანება და საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფა. ამასთან, ბოლო 3 წლის განმავლობაში, დაინტერესებული მხარეების მიერ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი ხორციელდება. 2012 წელს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ კარდაკარის პროგრამა განახორციელა და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციამ მათ მიერ მოწოდებული სიით იხელმძღვანელა", - განაცხადა კირთაძემ.
გარდა ამისა, კირთაძის თქმით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, საარჩევო ადმინისტრაციის ძალებით, უახლოეს მომავალში საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დასრულებისთანავე, კარდაკარის პროგრამა განხორციელდება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს სპეციალური საინფორმაციო ბარათები დაურიგდებათ და შესაძლებლობა ექნებათ სიების დაზუსტების პროცესში უშუალო და აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
ამასთან, კირთაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მიერ 3 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც სანიკიძემ განათლების სისტემის მუშაკთათვის საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვები განმარტა.
"განათლების მინისტრის განცხადების ის ნაწილი, რომლითაც საუბნო საარჩევნო კომისიებში საქმიანობა თითქოსდა აკრძალულია საჯარო მოხელეებისთვის, არასწორად იქნა გაგებული პედაგოგთა ნაწილის მიერ და ზოგიერთმა მათგანმა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე გამოცხადებული კონკურსიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა", - განაცხადა კირთაძემ.
ასეთი სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით, ცსკ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან კოორდინირებულად განახორციელონ.
გარდა ამისა, კირთაძის თქმით, პოლიტიკოსებმა, მედიამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ამომრჩეველთა სიებში არსებითი ხასიათის ნაკლოვანებებზე საუბრისგან, რადგან ეს საარჩევნო პროცესის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.