დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი თბილისის ცენტრალურ საარჩევნო შტაბში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციას შეხვდა.
NDI-ის დელეგაცია წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თანამდებობის პირებით: მისურის შტატის ყოფილი მდივანი რობინ კარნაჰანი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი პერ ეკლუნდი, ნიუ ჯერსის შტატის ყოფილი გუბერნატორი და გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილი ადმინისტრატორი კრისტინ ტოდ უიტმანი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი, NDI-ის პრეზიდენტი კენეთ ვოლაკი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო. კოალიციის კანდიდატთან ერთად შეხვედრას ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები ირინა იმერლიშვილი და ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ.
დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო და პოლიტიკურ გარემო. ასევე, განიხილეს ყველა ის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვაზე.
„ეს იყო საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოს შესახებ და ხაზი გავუსვით, რომ მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში. ეს არჩევნები უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვის,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარში.
6 სექტემბერს, მუშაობის დასრულების შემდეგ, NDI-ის დელეგაცია ანგარიშის სახით წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრეს-კონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.