ვისბიუში საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ვისბიუში საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

დღეს ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვისბიუში საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და სირიაში კრიზისის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

„წელს ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები დიდ ყურადღებას უთმობენ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებას. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ურყევად მიჰყვენ ერთხელ არჩეულ გზას და ისარგებლონ მათთვის მიწოდებული შესაძლებლობებით. ვიმედოვნებთ, რომ ამა წლის ნოემბერში, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ვილნიუსში გაფორმდება ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და უკრაინას შორის და განხორციელდება ანალოგიური ხელშეკრულების პარაფირება მოლდოვასთან, საქართველოსა და სომხეთთან, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებას ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა შეხვედრაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინკევიჩიუსმა.

ხსენებული რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატეს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის მიზნების მძლავრი მხარდაჭერა და აღიარეს აქამდე მიღწეული შედეგების მნიშვნელობა. გარდა ამისა, მინისტრებმა უპირობოდ დაუჭირეს მხარი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირსა და უკრაინას შორის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ჩათვლით) იმ პირობით, რომ უკრაინა ცხადყოფს საგრძნობ წინსვლას. მინისტრები იმედის თვალით შეჰყურებენ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოლდოვასთან, საქართველოსა და სომხეთთან ვილნიუსის სამიტზე, 28 და 29 ნოემბერს, ასევე ამ ხელშეკრულების გაფორმებას/ხელმოწერას, თუკი შესაბამისი პირობები შესრულდება 2014 წლისათვის.

მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიუღებელია აღმოსავლეთის პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ეკონომიკური საფრთხე თუ პოლიტიკური ზეწოლა ევროკავშირთან ამ ქვეყნების კავშირების მიზეზით.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ განცხადების მნიშვნელობას: „მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოები, მხარს უჭერენ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების მისწრაფებებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და ევროპის პროექტის წარმატებას“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გარდა ამისა, ვისბიუში მინისტრებმა განიხილეს მდგომარეობა სირიაში და ცალსახად დაგმეს ქიმიური იარაღის გამოყენება, აღნიშნეს რა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ამ განცახდებაში შეხვედრის მონაწილე ქვეყნებმა ერთხმად გაამახვილეს ყურადღება გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც რეაგირების არარსებობა იქნება არასწორი გზავნილი დამნაშავეთათვის და შეარყევს გაეროს სანდოობას.

„გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი გახლავთ ქიმიური იარაღის შესახებ 1993 წლის კონვენციის ხელმომწერი მხარე. ეს კონვენცია კრძალავს ქიმიური იარაღის გამოყენებას. კონვენცია და უშიშროების საბჭოს წევრობა გულისხმობს პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

ამ შეხვედრაზე მინისტრები გაეცნენ შვედეთის შუალედურ ანგარიშს ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რვა ქვეყნის მუშაობის შესახებ, რომელშიც განხილულია წელს ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების თანამშრომლობის შედეგად მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები.

წელს ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა განახორციელეს რიგი ახალი ინიციატივები რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებს შორის უერთიერთობების გასაღრმავებლად. შეხვედრა ბალტიისპირეთის, ჩრდილოეთ ევროპისა და ე.წ. ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების საგარეო მინისტრთა შორის პირველად შედგა წელს გდანსკში. ამ შეხვედრაზე განხილული იყო ორივე რეგიონისათვის საზიარო გამოწვევები.

ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ბირთვული უსაფრთხოების ერთობლივი წვრთნა გაიმართა ფინეთში, ხოლო ამ რვა ქვეყნის ექსპერტებმა კიბერ-უსაფრთხოების სფეროში დაამყარეს კონტაქტები.

http://www.eu2013.lt/en/news/pressreleases/in-visby-nordic-and-baltic-foreign-ministers-issue-joint-statements-on-the-eu-eastern-partnershipand-the-situation-in-syria