სააგენტო "ბლუმბერგის" ჟურნალისტი, რომლის მიერ მომზადებულ მასალას პრემიერ-მინიტრის პრესსამსახური და თავად ბიძინა ივანიშვილი "ტენდენციურად" აფასებს, ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტების მიერ იყო ჩამოყვანილი.
ამის თაობაზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. "ბლუმბერგის" მიერ ჩაწერილი ინტერვიუ და მის მიერ გამოქვეყნებული მასალა პრემიერ-მინისტრსა და სააგენტოს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტს, ჰელენა ბედველს შორის პოლემიკის საგნად იქცა.
"როდესაც ინტერვიუ დაიწყო, თქვენ განაცხადეთ, რომ "არაფერ შუაში არ ვარ". მე ამან მაშინვე დამძაბა, რომ თქვენ უეცრად უარი თქვით და პროცესიდან გამოეთიშეთ. შემდგომ როგორც გაგრძელდა, ძალიან კარგი ძაფი იგება. პირში მთქმელი კაცი ვარ და მოგახსენებთ: ჯერ ერთი, რატომ ჩამოვიდა თქვენი პარტნიორი ჟურნალისტი ჩვენს მიერ დაქირავებული ევროპელი ლობისტებით, რომელიც ჩვენ ოფიციალურად გვყავს დაქირავებული და ეს იტერნეტზე დევს. თქვენი პარტნიორი ჟურნალისტი, რომლის სახელიც არ მახსოვს, გერმანელი ლობისტების მეშვებით ჩამოვიდა. ამ დროს თქვენ აქ წარმომადგენლობა გქონდათ. რამდენჯერმე მთხოვეთ ინტერვიუ და დაგპირდით. მეგონა, რომ შეხვედრა თქვენთან მექნებოდა. ამ დროს თქვენი პარტნიორი, რომელთანაც როგორც შევამჩნიე მეგობრული დამოკიდებულება გქონდათ, თქვენ კარგად იცნობდით, თქვენით კი არა, ჩვენი ლობისტებით ჩამოვიდა რატომღაც და, თქვენ ინტერვიუს დასაწყისშივე უარი თქვით, ინტერვიუში მონაწილეობაზე. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ სულისკვეთებას, რომ მასალა ტენდენციურია და ეს ტენდენციურობა დაგეგმილი რომ იყო იქ ვიგრძენი, როცა განაცხადეთ, რომ "მე არაფერ შუაში არა ვარ, აქ სხვას მიჰყავს ინტერვიუო". ამ დროს თქვენი პარტნიორი თქვენ კი არ ჩამოიყვანეთ, ჩამოიყვანეს ჩვენმა ლობისტებმა და მას უნდა გადაბრალებოდა ყველაფერი", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ჰელენა ბედველს.
მისივე თქმით, "ბლუმბერგს" ტენდენციურობას ამჩნევდა მაშინაც, "როცა რუსეთთან დაკავშირებულ თემებს მაქსიმალურად ატრიალებდა და ამაზე დიდი აქცენტი კეთდებოდა". ივანიშვილის შეფასებით, ის, როგორც იყო აგებული მასალა, შერჩეული რესპონდენტები, აბსოლუტურ ტენდენციურობაზე მიუთითებს.
"სტატიაში ჩანს, რომ ჩემი ფული საშინელებაა საქართველოსთვის" - აღნიშნა ივანიშვილმა, რომლის შეფასებითაც, "სტატია სააკაშვილის ენით არის ნალაპარაკევი".