ივანე მერაბიშვილის ადვოკატის მიერ გაკეთებული, ხმამაღალი განცხადების მიუხედავად, სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ დრომდე რაიმე განცხადება ადვოკატის ან თავად ბრალდებულის, ივანე მერაბიშვილის მხრიდან არ მიუღია.
მიუხედავად ამისა, მედიით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, ბრალდებულს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები, დამატებით, დღის განმავლობაში ჩაუტარდება. ამასთან, საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური გამოკვლევები სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის წამყვანი სპეციალისტების მიერ მას 2013 წლის 25-29 ივლისს ჩაუტარდა, სადაც არანაირი ორგანული პათოლოგია არ გამოვლინდა.
ივანე მერაბიშვილი, ამ მომენტისთვის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებს არ აფიქსირებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი პერიოდულად ხორციელდება სხვადასხვა პროფილის ექიმების, მათ შორის ფსიქიატრების მიერ. ამ მომენტისთვის მისი სტაციონარში გადაყვანის ჩვენება არ არსებობს.
სამინისტრო ვერ დაარღვევს პაციენტის უფლებებსა და კონფიდენციურობის პრინციპს, თუმცა, ი.მერაბიშვილის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მზად არის მისთვის ჩატარებული კვლევებისა და შედეგების შესახებ, სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.