მაია ფანჯიკიძე - მთავრობაში რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოსტს დატოვებს, მთავრობაში რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ახსენა, რომ არწმუნებულია, მთავრობა იქნება ყველაზე კარგი მთავრობა, რომელიც საქართველოს ჰყოლია. მან პირობა დადო, რომ ეს იქნება ქმედითი და არაკორუმპირებული მთავრობა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ღია წერილში აღნიშნ,რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს.
მისივე თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შესთავაზებს, ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება და წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.
"მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. თუმცა, გარანტია, როგორც წესი, რამით უნდა იყოს გამყარებული. ჩემს შემთხვევაში კი ცოტა რთულადაა საქმე, რადგან იმ თანამდებობით ვარ პასუხისმგებელი, რომლის დატოვებასაც ვაპირებ. ამიტომ რჩება მარტო ჩემი პატიოსანი სიტყვა, რომელსაც მე ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ანიჭებდნენ. საზოგადოებაში მყოფი და საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ მოვახერხებთ საჯაროდ მივცეთ გუნდს შენიშვნები, რომლებიც, გარწმუნებთ, უფრო მტკივნეული და უფრო ეფექტურიც იქნება, და არა მარტო შენიშვნები, არამედ – პოზიტიური შეფასებებიც, რაც არანაკლებ საჭიროა. და რაც მთავარია, თუ ჩვენ გვექნება ქვეყნისა თუ ცალკეული სამინისტროების განვითარების ჯანსაღი იდეები, არც ამ იდეების მიწოდება გახდება რთული მთავრობისა და პარლამენტისთვის", - აცხადებს პრემიერი.