ჩემს გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე იმდენი ვნებათაღელვა და ინტერპრეტაცია მოჰყვა, რომ საჭიროდ ვთვლი გარკვეული განმარტებები გავაკეთო. იმისათვის, რომ დავასაბუთო ჩემი გადაწყვეტილებების თანამიმდევრულობა, გთავაზობთ ამონარიდს პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ გაკეთებული ჩემი პირველი განცხადებიდან:
„მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა,რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი,ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში,მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში... დავრწმუნდი, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა საჭირო შედეგის მიღება, ამიტომაც გადავწყვიტე,გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:
ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება; გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები,რომ მომავალში არათუ საშუალება,სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს; პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია,რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული; დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ; პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა; შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას; ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება და რეალობას დავუახლოოთ მეორე პროექტი- ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ; დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება; გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია...
ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას დაახლოებით ორიდან სამ წლამდე დასჭირდება. ამის შემდეგ მე ვაპირებ წავიდე პოლიტიკიდან,რათა აქტიური მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მის განვითარებაში...ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და, უფრო მნიშვნელოვანი, როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა... უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა(რის განვითარებასაც შემდგომში წლები და ათწლეულები დასჭირდება),რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს და იმის გაფიქრების სურვილიც კი არ გაუჩნდეს, რასაც სააკაშვილის დღევანდელი მთავრობა კადრულობს“ - სწორედ ეს იყო ის მიზნები და მიზეზები, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.
„დიდი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივხვდი,რომ მე აღარ მქონდა არჩევანი.“ - ესეც ამონარიდია ჩემი მაშინდელი განცხადებიდან. დღეს, ამ განცხადებიდან თითქმის2 წლის თავზე,ერთგვარი კმაყოფილებით ვაცხადებ, რომ მეც და საზოგადოებასაც გვაქვს არჩევანის გაკეთების უფლებაც და შესაძლებლობაც. და თუ როგორია ეს არჩევანი,მინდა ამის თაობაზე მოგახსენოთ.
მე მოვედი ხელისუფლებაში იმიტომ,რომ დამეცვა საზოგადოება და ეს წარმატებით მოვახერხეთ კიდეც იმით, რომ დღეს ხელისუფლება ყველა წინამორბედზე უკეთესია და საზოგადოებაც ყველაზე მეტად დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან.მაგრამ საზოგადოება არ უნდა იყოს ხელისუფლების კეთილი ნების იმედად და მუდმივად მხსნელისა თუ მესიის მოლოდინში. საზოგადოების ხსნა მის ეფექტურობაში,მაღალი პასუხისმგებლობის უნარსა და პოლიტიკურ სიმწიფეშია.საზოგადოებამ უნდა მონახოს მექანიზმი,რომლითაც გააკონტროლებს და პარტნიორობას გაუწევს ხელისუფლებას.
ჩემი პირადი მაგალითით საზოგადოებას მინდა დავანახო, რომ აუცილებელია იყო ადეკვატური გამოწვევებისა და კონკრეტული რეალობის მიმართ. ორი წლის წინ სულ სხვა გამოწვევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და მეც იქ დავდექი, სადაც ყველაზე მეტის გაკეთება შემეძლო. დღეს სულ სხვა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და მეც ამ გამოწვევის შესაბამისად უნდა მოვიქცე.
დღევანდელი მდგომარეობით,ჩემი საჯარო ფუნქციები შეიძლება სამი მიმართულებით განისაზღვროს: 1. სახელისუფლებო (ქვეყნის პრემიერ-მინისტრი); 2. პოლიტიკური (კოალიცია „ქართული ოცნების“ლიდერი); 3. საზოგადოებრივი (აქტიური მოქალაქე).მე ვაპირებ უარი ვთქვა პირველ და მეორე(სახელისუფლებო და პოლიტიკურ) ფუნქციებზე და მთელი გამოთავისუფლებული რესურსი მოვახმარო მესამე(საზოგადოებრივ) ფუნქციას. ამას ვაპირებ იმიტომ, რომ პირველი (სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის) და მეორე(მრავალპარტიული დემოკრატიის) მიმართულებით ჩემი მოკრძალებული როლი უკვე შევასრულე და მჯერა,რომ ჩემი გუნდის წევრები დაწყებულ საქმეს ჩემ გარეშე უფრო უკეთ გაართმევენ თავს. აი, მესამე, და ყველაზე მნიშვნელოვანი, მიმართულებით კი საკეთებელი უამრავია,გამკეთებელი ცოტაა და პირადად მე გარკვეული გარემოებების გამო ბევრი შემიძლია გავაკეთო.
ამრიგად, მე სადმე „სხვაგან“ კი არ მივდივარ, არამედ „აქვე“ ვრჩები და მხოლოდ ჩემი საზოგადოებრივი ფუნქციებისა და როლის ოპტიმიზაციას ვაპირებ,რათა, ჯერ ერთი, დავიხარჯო იქ,სადაც დღეს ყველაზე მეტად ვჭირდები ქვეყანას;და მეორე, პოლიტიკურ პარტნიორებსა და თანამოაზრეებს გადავუნაწილო ის ძალაუფლება და პასუხისმგებლობა, რომლის გარეშეც ქვეყანა კვლავ ერთ კაცზე ჩამოკიდებული დარჩება და ისევ მოჯადოებულ წრეზე გააგრძელებს ტრიალს.
შევეცდები, უფრო დეტალურად ავხსნა, თუ რა არის ჩემი დღევანდელი როლი საჯარო ფუნქციების სამივე მიმართულებით,რა შეიცვლება მალე და რატომ გაუმჯობესდება ვითარება.
1. სახელმწიფო მმართველობა
ვფიქრობ, მინისტრები საკმაოდ კარგად არიან შერჩეული და თუ რეალობის გათვალისწინებით გავაანალიზებთ ვითარებას, მთავრობის საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტურია.მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, აქტიური მონაწილეობა მივიღე თითოეული სამინისტროს სტრატეგიული საკითხების ჩამოყალიბებაში და ამ სტრატეგიის ფარგლებში თითოეულ მინისტრს მივეცი მოქმედებისა და გადაწყვეტილებების მიღების სრული თავისუფლება.დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ მე ძირითადი პარამეტრების შესრულების კონტროლით ვარ დაკავებული და ყველა მინისტრი თავად უძღვება მისთვის მინდობილ საქმეს.
ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შევთავაზებ, გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.
მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის,არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. თუმცა, გარანტია, როგორც წესი, რამით უნდა იყოს გამყარებული. ჩემს შემთხვევაში კი ცოტა რთულადაა საქმე, რადგან იმ თანამდებობით ვარ პასუხისმგებელი, რომლის დატოვებასაც ვაპირებ.ამიტომ რჩება მარტო ჩემი პატიოსანი სიტყვა,რომელსაც მე ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ანიჭებდნენ. საზოგადოებაში მყოფი და საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ მოვახერხებთ საჯაროდ მივცეთ გუნდს შენიშვნები, რომლებიც, გარწმუნებთ, უფრო მტკივნეული და უფრო ეფექტურიც იქნება, და არა მარტო შენიშვნები, არამედ – პოზიტიური შეფასებებიც,რაც არანაკლებ საჭიროა. და რაც მთავარია, თუ ჩვენ გვექნება ქვეყნისა თუ ცალკეული სამინისტროების განვითარების ჯანსაღი იდეები, არც ამ იდეების მიწოდება გახდება რთული მთავრობისა და პარლამენტისთვის.
გარდა უშუალოდ მთავრობის გამართული საქმიანობისა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ევროპული ღირებულებების მატარებელი პრეზიდენტობის კანდიდატი,რომელიც თავისუფალია ტრადიციული მესიანისტურ-ავტორიტარული მიდრეკილებებისგან. მიღებული გვაქვს სათანადო გადაწყვეტილებები, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ კონსტიტუციას, რეალურ თვითმმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლოსა და თავისუფალ მედიას.
2. კოალიციისა და პარტიის პოლიტიკური ლიდერობა
დღეს აღარავის ეპარება ეჭვი, რომ კოალიცია„ქართული ოცნების“მშენებლობისას ჩემი მიზანი სახელმწიფოსთან შეზრდილი მორიგი სუპერპარტიის შექმნა კი არა, მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბება იყო. შესაბამისად, კოალიცია „ქართული ოცნება“არის არა„ჩემი პარტია“,არამედ მასში შემავალი პარტიების კოალიცია. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური ძალაუფლებაც და პასუხისმგებლობაც ეკუთვნის არა კოალიციის ლიდერს, არამედ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს და ამ პარტიების ლიდერებს. ამიტომ დღევანდელი მმართველი კოალიციის ლიდერის წასვლა არ შეიძლება შევადაროთ დღემდე არსებული მმართველი პარტიების ლიდერების წასვლას. ჩვენ კოალიცია „ქართული ოცნება“შევქმენით მინიმუმ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ვადით და იგი არანაკლები ვადით იარსებებს ჩემი წასვლის შემდეგაც.მე კარგად ვაცნობიერებ ჩემს როლს კოალიციის შექმნასა და მის წარმატებაში,მაგრამ ისიც კარგად ვიცი,თუ რა კრიტერიუმებით შევარჩიე თანამებრძოლები, ვინ არიან ისინი და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. კოალიციაში შემავალ პარტიებში მრავალი გამოცდილი პოლიტიკოსია და არ გაჭირდება კოალიციის პოლიტიკური საბჭოს ახალი თავმჯდომარის შერჩევა, რომელიც იქნება პირველი თანასწორთა შორის და უზრუნველყოფს კოალიციის საქმიანობას გაცხადებული პოლიტიკური პროგრამის შესაბამისად.
ამასთანავე, არც ის უნდა გამოვრიცხოთ,რომ ვინმემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე გადაწყვიტოს კოალიციის გარეთ პოლიტიკური აქტიურობის გაგრძელება. ვფიქრობ, ეს იქნება კონკრეტული პირისა თუ ჯგუფის პოლიტიკური შეცდომა,რომელიც მხოლოდ მათ თავადვე დააზარალებს. ამგვარი ცალკეული მოვლენებისგან კოალიცია არც ჩემი ლიდერობის დროს არის დაზღვეული და არც ჩემ გარეშე იქნება.
გაცილებით მეტი ძალისხმევა დამჭირდება იმისათვის, რომ ჩემს წასვლამდე დასრულდეს პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ორგანიზაციულ-სტრუქტურული მშენებლობა,მაგრამ ამას აუცილებლად მოვახერხებთ.მიუხედავად იმისა,რომ მე ამ პარტიის მენეჯერი თავმჯდომარე არასოდეს ვყოფილვარ,ბუნებრივია, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას იმ თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც გამოეხმაურნენ ჩემს ინიციატივას და პარტიაში გაერთიანდნენ. პარტიაში საკმაოდ საინტერესო და ძლიერი გუნდია შეკრებილი, რომელსაც სხვებთან სამართლიან კონკურენციაში მოუწევს წარმატების მიღწევა მომავალ არჩევნებში, ცხადია, ჩემი ერთი ხმის გათვალისწინებით.
3. აქტიური მოქალაქეობა
როდესაც აქტიურ მოქალაქეზე ვსაუბრობ,მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ემოციებით პატრიოტ ადამიანს, რომელიც ყოველ წამს მზადაა სამშობლოსათვის სიცოცხლე გაწიროს. მე ვგულისხმობ გონებით პატრიოტ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება მზადაა იფიქროს, იკამათოს და იშრომოს ქვეყნისა და მოყვასისათვის საჭირბოროტო საკითხებზე.გონებით პატრიოტი მოქალაქეების რაოდენობაზეა დამოკიდებული ხალხისგან მივიღებთ მასას,რომელსაც ხელისუფლება ადვილად მართავს, თუ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლებას თავის სამსახურში ამყოფებს.
იმის გარანტი, რომ მთავრობა დარჩეს ქმედითი,ევროპული ტიპის,არაკორუმპირებული და ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს, - არ უნდა იყოს ერთი კაცი, არც ხელისუფლებაში და არც ხელისუფლების გარეთ.
ამის გარანტია შეიძლება იყოს მხოლოდ ეფექტური,პასუხისმგებლობის მქონე,სწორედ რომ ევროპული ტიპის საზოგადოება. ვფიქრობ, დღეს სწორედ ესაა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი,მე ვიტყოდი,ეპოქალური გამოწვევა - ერთად ვაშენოთ ასეთი საზოგადოება.
შესაბამისად, ჩემი ინტერესის ვექტორიც საზოგადოებისკენაა მიმართული და ჩემს ფუნქციას სწორედ იმაში ვხედავ,რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი საზოგადოება,რომელიც, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობით აკეთებს არჩევანს და არჩევნებში აფიქსირებს თავის პოზიციას, თუ როგორი ქვეყანა სურს მას, მეორე მხრივ კი, არჩევნების შემდეგ, მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს არჩეული მთავრობის ეფექტურობას.
საზოგადოებაში ემოციური პატრიოტიზმის დომინირების პირობებში მოქალაქეები:ა) არჩევნებში აფიქსირებენ ემოციურ პოზიციას, თუ როგორ ქვეყანაში აღარ სურთ ცხოვრება არჩევნების შემდეგ;და ბ) არჩევნების შემდეგ ან ნიჰილიზმის ჭაობში ეფლობიან, ანდა ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლას ცდილობენ, რაც ორივე შემთხვევაში ავტორიტარიზმისა და სახელისუფლებო განუკითხაობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
იმას, რომ დღემდე საქართველოში ემოციური პატრიოტიზმი მეფობს, ადასტურებს ხელისუფლების არჩევისა თუ შეცვლის აქამდე არსებული ყველა შემთხვევა, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით. გავუსწოროთ თვალი სიმართლეს და ვაღიაროთ, რომ თქვენ ჩვენ აგვირჩიეთ გულისა და ემოციის კარნახით, და არა ჩვენი პროგრამის გამო. თქვენ უარი თქვით წინა ხელისუფლების მარწუხებზე, განუკითხაობაზე, ძალადობაზე, სიღარიბეზე და მხარი დაუჭირეთ მას, ვისაც, თქვენი აზრით, მისი დამარცხება შეეძლო. რაც შეეხება მომავალს, ყველა ჩვენ-ჩვენი ინდივიდუალური ოცნებების ახდენას ველოდით და ნაკლებად გვაინტერესებდა, სინამდვილეში რას, როგორ და ვისი მეშვეობით გააკეთებდა ახალი ხელისუფლება. „მიშა არა, ბიძინაა მაგარი!“ - ამან განაპირობა საპარლამენტო არჩევნების შედეგი. წინა სახელისუფლებო ცვლილებებისას სწორედ ასეთ ლოზუნგებს მოჰყვა სამოქალაქო დაპირისპირება,სისხლისღვრა და რევოლუცია.
იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ„ვახერხებთ“ მთავრობის კონტროლს, საკმარისია გავაანალიზოთ თუნდაც სააკაშვილის მთავრობის ნამოქმედარი: გავსებული ციხეები,300 ათასი პრობაციონერი, გაღატაკებული და დანგრეული სოფელი,მთლიანად კონტროლირებადი ბიზნესი და მედია, ნულამდე დაყვანილი ადამიანის უფლებები...
ამასობაში, ეს ხალხი ახერხებდა გარეთ – ევროპასა და ამერიკაში – ჩვენი ქვეყანა რეგიონში დემოკრატიის შუქურად წარმოეჩინა.არ შეგვეშალოს და ჩვენი შეცდომები ევროპასა და ამერიკას არ გადავაბრალოთ.პირიქით, ჩვენი უუნარობითა და არასწორი მოქმედებით მივეცით საშუალება ჩვენს არჩეულ მთავრობას ჩვენგან ნაძარცვი ფულით დაქირავებული ლობისტების მეშვეობით ქვეყნის შიგნით არსებული არნახული ძალადობა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა გარეთ დემოკრატიად გაესაღებინა.
ამ მოჯადოებულ წრეზე ტრიალი უნდა დამთავრდეს. აღარასოდეს ასე აღარავინ არ უნდა ავირჩიოთ. ამისათვის კი საჭიროა დაუყოვნებლივ დავიწყოთ სამოქალაქო საზოგადოების სწრაფი ტემპებით მშენებლობა და ხელისუფლება მოვაქციოთ მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ.ამ გზით ჩვენ არა მარტო დღევანდელი ხელისუფლების ეფექტიანობას შევუწყობთ ხელს, არამედ მომავალი ხელისუფლების თვისებრივად მაღალ ხარისხსაც უზრუნველვყოფთ.
მე არაფერს ვერჩი პირადად მიხეილ სააკაშვილს ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს.ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში.ამისათვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი, – აუცილებელია იმის უზრუნველყოფაც, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე. ამიტომ მე უნდა წავიდე სწორედ ახლა.საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც აშფოთებს ჩემი პოლიტიკიდან წასვლა, ბევრია ისეთი, ვისაც სწორედაც რომ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საერთო პროცესებზე, – ასეთებს ურჩევნიათ იყვნენ პასიურად მშვიდად და ყველაფრისთვის პასუხი აგოს სხვამ.
სწორედ ამიტომ, ჩემი დარჩენა მთავრობის მეთაურად (მე, რომელსაც, შეიძლება ითქვას,მაქვს საზოგადოების გადაჭარბებული ნდობა) არათუ სასარგებლო,არამედ საზიანო იქნება მომავლისთვის, რადგან კი არ დაჩქარდება, არამედ შენელდება და მინავლდება ის, რისი საჭიროებაც იგრძნო საზოგადოებამ ბოლო 22 წლის განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე ტრიალით, - ეს არის საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნებით აღსავსე სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბება.
სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი დიდი ხანია არსებობს საქართველოში, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი დონის ევროპულთან მიახლოება. ევროპაში არისტოკრატული ელიტის საგანმანათლებლო და კულტურული როლი და ფუნქცია იკისრა „დემოკრატიულმა ელიტამ“ (სამოქალაქო საზოგადოებამ),რომელიც წინამორბედისაგან განსხვავებით, ჯერ ერთი, აღარ არის საჯარო ხელისუფლებით აღჭურვილი, და მეორე, აღარ არის ჩაკეტილი რომელიმე სოციალური თუ ინტერესჯგუფისათვის. საქართველოში ეს პროცესი კომუნიზმის ბატონობამ მთელი70 წლით გაწყვიტა,რამაც დაგვაკარგვინა ჩვენი საკუთარი ტრადიციები და მოგვწყვიტა ევროპულ ინტელექტუალურ და ღირებულებით საზრდოსაც.
მაგალითისთვის, შევადაროთ 1913 წლის თუნდაც კოლონიური საქართველოსა და 2013 წლის უკვე თავისუფალი საქართველოს საზოგადოებები, - საუკუნისწინანდელ არასამთავრობო და საექსპერტო (დღევანდელი გაგებით)წრეებში საზოგადოების ევროპული ყაიდის ღირებულებითი სტანდარტები უკეთ იქმნებოდა, ვიდრე დღეს. მაშინდელი ქართული პრესის მესვეურები დღევანდელი ჟურნალისტებისგან რამდენიმეს თუ აიყვანდნენ სამსახურში პროფესიონალიზმისა და სიცრუის არკადრების გამო. მაშინდელი სიტყვა დღევანდელზე მეტად ფასობდა, მაშინ არჩევნების გაყალბების სისტემაში მოსახლეობის ნახევრის ჩაბმის შესაძლებლობას უფრო ძნელად დაიჯერებდა ქართველი კაცი, ვიდრე ადამიანის მთვარეზე გაფრენას.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებში, საექსპერტო წრეებსა და მედიაში მრავალი მოქალაქეა დაკავებული,რომლებიც თავიანთი პუბლიკაციებითა თუ საუბრებით სერიოზულ გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრისა და პოზიციების ფორმირებაზე. მაგრამ ხშირად იგრძნობა კვალიფიკაციის ან/და სინდისის ნაკლებობა,რაც იწვევს ფუნდამენტურ საკითხებში არათანამიმდევრულობას,ზედაპირულობას, კერძოსა და საზოგადოს ერთმანეთში აღრევას. შედეგად, ვერ იქმნება და ვერ ნარჩუნდება სწორი ორიენტირები და სტანდარტები.
და მივიღეთ სურათი, როდესაც დიდწილად სამოქალაქო საზოგადოება იტოვებს უფლებას აკრიტიკოს, მიუთითოს (რაც მნიშვნელოვანია), მაგრამ უარს აცხადებს პასუხისმგებლობაზე თავად ჩაერთოს, აღზარდოს და აშენოს. ამიტომ, იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება შედგეს როგორც რაციონალური საზოგადოება,გააზრებულ საკითხებზე მოკამათე და არა ემოციურად ერთმანეთის მაძაგებელი ან მაკრიტიკებელი, აუცილებელია თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს ყველამ, საქართველოს ყველა მოქალაქემ. ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ლოდინის რეჟიმიდან და აქტიურად ჩავებათ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.
ჩემი აზრით, დღეს, როდესაც ხელისუფლება უკვე სტაბილურია, როდესაც ის სწორი მიმართულებით მიდის და ყველა შანსი აქვს წარმატებით გაართვას თავი დასახულ ამოცანებს,ჩვენი მორიგი,ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გახლავთ სწორედ ჯანსაღი,საკუთარი ფუნქციის მქონე,საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნებით აღსავსე სამოქალაქო სექტორის განვითარება, ისეთი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არა მხოლოდ აკრიტიკებს,არამედ თავადაც ჩაებმება, აღზრდის და ამით ხელს შეუწყობს ევროპული ყაიდის,დემოკრატიული, მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფოს საბოლოოდ ჩამოყალიბებას. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთ საზოგადოებას, რომელზეც დიდი ილია ოცნებობდა -,,ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა იცოდეს, რომ იგი განუყოფელი ნაწილია ერისა და ამიტომ თავის კეთილ დღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე“.
სამოქალაქო საზოგადოებაში ჩემი გადასვლის მიზანია შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ: სამოქალაქო საზოგადოების აქტორების - ,,აზრის ლიდერების” პროფესიული ზრდა; ადამიანური რესურსის, ახალი სახეების შემოყვანა სამოქალაქო სექტორში და მათთვის მოტივაციის გაჩენა;ინოვაციური იდეების აკუმულირება და დანერგვა; ხელისუფლების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება,რაც გულისხმობს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ მისთვის ჯანსაღი იდეების შეთავაზებას ქვეყნისა თუ ხელისუფლების ნებისმიერი შტოს განსავითარებლად.
ამ გზით ჩვენ ხელისუფლების კონტროლის ყველაზე ეფექტიან მექანიზმსაც ვქმნით და საზოგადოებასაც ხელში ვაძლევთ ბერკეტს- იტვირთოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ამასთან, მე ვაპირებ ბევრი ვიმუშაო ახალგაზრდობასთან იმისათვის, რომ რაც შეიძლება გაიზარდოს მათი აქტიურობა და ჩართულობა, და შესაბამისად,პასუხისმგებლობაც სახელმწიფოსა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. თანაც, ახალი აქტორების წარმოჩენით გაიზრდება კონკურენცია, გზა გაეხსნებათ ახალ სახეებს და არავის ექნება სამუდამოდ გარანტირებული ადგილი. ამავე დროს,როდესაც ჩვენ მუდმივ საკადრო შიმშილს განვიცდით, ეს იქნება ნოყიერი საკადრო რესურსი როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორისთვის. საბოლოოდ, იმედი მაქვს, რომ დავაჩქარებთ საზოგადოების პოლიტიკური კულტურის გაზრდას, რაც თავისთავად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტიებს და ევროპულ სტანდარტებს მიგვაახლოებს.
ახლა, დამატებით მათთვის, ვისთვისაც ჩემი განმარტებები საკმარისი არ არის:
როცა ერთმანეთს ვენდეთ და ერთმანეთის გვერდში დავდექით, ჩვენ შეუძლებელი შევძელით- პირველად ახალი საქართველოს ისტორიაში არა მარტო მშვიდობიანად და კონსტიტუციურად შევცვალეთ ხელისუფლება, არამედ განსაკუთრებული რყევებისა და შეცდომების გარეშე, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, სტაბილურობისა და წინსვლისკენ ვატარეთ ქვეყანა და ეს არცთუ ადვილად დასაძლევი ამოცანა იყო.ჩვენი გამარჯვება ერთადერთ რამეს ეფუძნებოდა - ჩვენს ურთიერთნდობას. და ეს გამოცდილება მკარნახობს,ამჯერადაც გთხოვოთ, ნდობით მოეკიდოთ ჩემს გადაწყვეტილებას და დამიდგეთ გვერდში. გარწმუნებთ, მომავლის გადმოსახედიდან ეს საქართველოს საზოგადოების განვითარებისთვის წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯი იქნება.
ის, რაც ჩვენ უკვე შევძელით, ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილებების მიმართ ნდობის საფუძველი ნამდვილად არის. მე ზუსტად ვიცი, რისი გაკეთება მინდა და რას მოუტანს ეს საზოგადოებას. გავკადნიერდები და შეგახსენებთ - პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან თითქმის შეცდომების გარეშე გავაკეთე ყველაფერი, პროგნოზებიც კი.
პირველი, მოდით, გულწრფელი ვიყოთ: განა ბევრს სჯეროდა,რომ სააკაშვილს არჩევნების გზით,უსისხლოდ დავათმობინებდით ხელისუფლებას?! ყველას გვახსოვს სააკაშვილის წინამორბედი ხელისუფლებები – გაცილებით სუსტი სახელმწიფო აპარატით,ნაკლებად ორგანიზებული და ცენტრალიზებული სამართალდამცავი სტრუქტურებით, და შემდეგ სააკაშვილი, – ავტორიტარული მართვის სტილით,არაერთგზის გაყალბებული არჩევნებით, 7 ნოემბრით, „იმედის“ დარბევით თუ 26 მაისით...
შესაბამისად, თუ გავიხსენებთ, როგორ მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ პირველი ორი მთავრობის შეცვლა,პრაქტიკულად შანსი არ რჩებოდა მშვიდობიანად გაგვესტუმრებინა სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენ, ფაქტობრივად, შეუძლებელი შევძელით.უცნაურია, მაგრამ არავის დაუსვამს კითხვა, როგორ მოვახერხეთ ეს. არავის უცდია იმ ფაქტორების გაანალიზება, რომელთა წყალობითაც დამოუკიდებელმა საქართველომ თავის ისტორიაში პირველად შეძლო არჩევნებით, კონსტიტუციური გზით ახალი ხელისუფლების მოყვანა. როგორ? მოგვიანებით ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად გავცემ. ერთი კი ცხადია, – ჩვენ ვაჯობეთ შიშს, ტერორზე დამყარებულ უზარმაზარ სახელმწიფო მანქანას, არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის მომართულ მთელ საარჩევნო აპარატს. მე მინდა, ხელისუფლებამ ისწავლოს იყოს პირნათელი კანონთანაც, საკუთარ ხალხთანაც და პარტნიორებთანაც. ჩვენ ეს მოვახერხეთ ყველაზე რთულ, კოჰაბიტაციის პროცესში – შევინარჩუნეთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერაც და ამავდროულად გავაღრმავეთ ურთიერთობები ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთანაც.
დამერწმუნეთ, ეს იოლი არ იყო. ვითარება ჩვენგან თითქმის შეუთავსებლის შეთავსებას ითხოვდა: ერთი მხრივ, იყო ჩვენი საზოგადოების უპირობო და სრულიად სამართლიანი მოთხოვნა- წინა ხელისუფლებას პასუხი ეგო 9 წლის განმავლობაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი, მართლაც გაუგონარი დანაშაულებებისათვის; მეორე მხრივ კი – ჩვენი დასავლელი პარტნიორების გამახვილებული მზერა და არაერთგზის გამოთქმული სურვილი, თავი აგვერიდებინა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მასობრივი დევნისათვის და სამართლის აღსრულების პროცესში არ გადაგვეხვია კანონის მოთხოვნებიდან. ანუ არ შევდგომოდით იგივე გზას, რითაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო, – როცა „ნაციონალები“ დაკავებების დროს სრულიად უგულებელყოფდნენ კანონის მოთხოვნებს. შემდეგ კი უკანონობის მსხვერპლი მთელი საზოგადოება გახდა.ვფიქრობ, ჩვენ მოვძებნეთ ოქროს შუალედი და ამით ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურისთვის უპრეცედენტო რამ შევძელით – სამართალს აღვასრულებთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. და გარწმუნებთ, ამ სიკეთით საზოგადოება კიდევ დიდხანს ისარგებლებს.
მეორე. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გულწრფელად ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. მგონი, პირნათლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას ქვეყნის წინაშე. 2011 წლის 4 ოქტომბერს პოლიტიკაში შემოსვლით პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე და გავწირე ჩემი ოჯახიც. ნუთუ ამის შემდეგ შეიძლება ვინმეს აზრად მოუვიდეს, რომ ჩემს სამშობლოს ახლა შევაქცევ ზურგს, ასეთ საინტერესო დროს, როცა აღმშენებლობა იწყება, და არ გავაკეთებ მაქსიმუმს ჩემი ქვეყნისათვის?!
დაბოლოს, ყველაზე დიდი სკეპტიკოსებისთვის:
მიუხედავად იმისა,რომ დარწმუნებული ვარ, ამის საჭიროება არ დადგება, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს,მე დავუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვფიქრობ, ამ წერილის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს კითხვები პოლიტიკიდან ჩემი წასვლის მიზეზებისა თუ მიზნების შესახებ. რაც შეეხება წასვლის დროს, ამასაც წინასწარ ვაცნობებ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ წარმატებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მჯერა, რომ ამ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მე წავალ მაშინ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ჩვენ არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, როდესაც ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და როდესაც დავრწმუნდები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება.