2012 წლის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური თანაარსებობის რეჟიმში ვმუშაობთ

2012 წლის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური თანაარსებობის რეჟიმში ვმუშაობთ

სირთულეების მიუხედავად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობა მაინც შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური თანაარსებობაა, რასაც სირთულეები ახლავს. 

"უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ პოლიტიკური თანაარსებობის რეჟიმში ვმუშაობთ, რისი გამოცდილებაც საქართველოს აქამდე არ ჰქონია. მოგეხსენებათ, ურთიერთობის ასეთ ფორმას თან ახლავს ობიექტური სირთულეები, მაგრამ ამის მიუხედავად, თანამშრომლობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მაინც შედგა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემოკრატიზაციის გზაზე მიღწეული წარმატებები მაძლევს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად გაეხსენება გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და ახლა მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. ჩვენ ყველას, ხალხსაც და ხელისუფლებასაც, კარგად გვესმის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ჩამოაყალიბოს ნამდვილი დემოკრატია", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ ეს განაპირობებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებასა და დემოკრატიულ განვითარებას.

"ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ვილნიუსის სამიტი. მჯერა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები ძალისხმევას არ დაიშურებენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებისა და შემდგომ წარმატებით ხელმოწერის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, თუ დღეს ჩვენ ვილნიუსის სამიტისთვის ვემზადებით და კონკრეტული მოკლევადიანი ამოცანების განხორციელებისთვის ვზრუნავთ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჭიროა სამიტის შემდგომ მიზნებსა და პერსპექტივებზეც ვიფიქროთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.