ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად მისცეს ხმა პრეზიდენტობის ნებისმიერ კანდიდატს, საკუთარი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა , ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო "რედისონში" ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კიდევ ერთი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.
"ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნებაა ჩავატაროთ ნამდვილად თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, არჩევნები, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას, ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურის სიმწიფეს, არჩევნები, რომლის შედეგშიც ეჭვს აღარავინ შეიტანს. ჩვენს მოქალაქეებს, ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად მისცეს ხმა პრეზიდენტობის ნებისმიერ კანდიდატს, საკუთარი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად. ყველა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მისი ხმა უმნიშვნელოვანესია, რომ ხალხი თავად წყვეტს, როგორ ქვეყანაში იცხოვროს. სახელმწიფო კი ყველაფერს იღონებს, რომ მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით მინიჭებული საარჩევნო უფლება იქნეს დაცული და არავის გაუჩნდეს განცდა, რომ სადმე ეს უფლება დაირღვა," – აღნიშნა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წინა არჩევნების დროს უხეშად ირღვეოდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის კონსტიტუციით მინიჭებული საარჩევნო უფლება.
"იყო შემთხვევები, როდესაც დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები მიკერძოებულ დამოკიდებულებას იჩენდნენ მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ და არაფრად აგდებდნენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ეს აღარ უნდა განმეორდეს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დიპლომატიური სამსახური ქვეყნის სამსახურშია და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის. ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე გადადგა ნაბიჯები ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. მჯერა, რომ ყოველი თქვენგანი, საქართველოს ყველა წარმომადგენლობა უცხოეთში მთლიანად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად გაართმევთ თავს ამ უმნიშვნელოვანეს ამოცანას და იქნებით გარანტი იმისა, რომ ყველა ჩვენი მოქალაქის საარჩევნო უფლება იქნება უზრუნველყოფილი და დაცული. მე ვენდობი თქვენს პროფესიონალიზმს", – განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებუალია, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კანონის ყველა დაცვით ჩატარდება და ქვეყანა გადავა განვითარების ახალ ეტაპზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებით, კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით ჩავატაროთ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები და გადავიდეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე.