საქართველოში ამერიკის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებას ავრცელებს, სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მაღალი სანდოობით აკეთებს შეფასებას, რომ სირიის მთავრობამ განახორციელა შეტევა ქიმიური იარაღის გამოყენებით დამასკოს შემოგარენში 2013 წ. 21 აგვისტოს, რამაც გამოიწვია დიდი მსხვერპლი: დაიღუპა 1 429 ადამიანი, მათ შორის 426 ბავშვი.
განცხადების თანახმად, "რეჟიმმა შეტევის დროს გამოიყენა ნერვულ-პარალიზული მოქმედების აგენტი. ეს შეფასება ეფუძნება მრავალი განსხვავებული წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის ოპერატიული, რადიოელექტრონული და აეროგეოდეზიური დაზვერვის შედეგად მიღებულ მონაცემებს; მრავალი წყაროდან მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც აღწერს ქიმიური შიგთავსის მქონე ქობინების მოხვედრას ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ზონებში; საერთაშორისო და სირიელი სამედიცინო პერსონალის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას; სოციალურ მედიაში ათასობით შემთხვევაში გავრცელებულ ინფორმაციას; და მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სამმა საავადმყოფომ დამასკოს ტერიტორიაზე მიიღო დაახლოებით 3 600 პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ნერვულ-პარალიზული აგენტის ზემოქმედების შედეგად მიღებულ დაზიანებასთან თავსებადი სიმპტომები. სირიის რეჟიმის წარმომადგენლები მზადყოფნაში მოვიდნენ შეტევისთვის.
ჩვენს ხელთ არსებული სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს, რომ სირიის მთავრობის ქიმიურ იარაღზე მომუშავე პერსონალი მოქმედებდა დამასკოს შემოგარენში იმ ზონასთან ახლოს, რომელსაც რეჟიმი იყენებს ქიმიური იარაღის, მათ შორის ზარინის საწარმოებლად.
21 აგვისტოს სირიის რეჟიმის შენაერთი მზადყოფნაში იქნა მოყვანილი ქიმიური შეტევისთვის დამასკოს ტერიტორიაზე, მათ შორის აღიჭურვა აირწინაღებით.
სირიულმა ძალებმა განახორციელეს შეტევა.
სატელიტური დაკვირვება ადასტურებს, რომ რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ზონიდან შეტევა მიტანილი იქნა იმ უბნებზე, სადაც, გადმოცემით, მოხდა შეტევა ქიმიური იარაღის გამოყენებით.
ეს გულისხმობს დაკვირვებას რეჟიმის კონტროლირებადი ზონიდან დილას ჭურვების გაშვებაზე, დაახლოებით 90 წუთით ადრე, ვიდრე სოციალურ მედიაში გავრცელდა პირველი ინფორმაცია ქიმიური შეტევის შესახებ.
სირიის რეჟიმის ოფიციალური წარმომადგენლები განიხილავდნენ შეტევას.
ჩვენ მოვიპოვეთ მაღალი რანგის ოფიციალური პირის კომუნიკაცია, რომელმაც უშუალოდ იცოდა შეტევის შესახებ, ადასტურებდა რეჟიმის მიერ 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენებას და რომელიც შეშფოთებული იყო გაერო-ს ინსპექტორების მიერ მტკიცებულების აღმოჩენის შესაძლებლობით.
21 აგვისტოს შუადღისას, ჩვენი სადაზვერვო ინფორმაციით, სირიის ქიმიურ იარაღზე მომუშავე პერსონალმა მიიღო ოპერაციის შეწყვეტის ბრძანება. ამასთან, რეჟიმმა ინტენსიური საარტილერიო დარტყმა მიიტანა იმ უბნების უმრავლესობაზე, რომლებზეც მოხდა ქიმიური შეტევა.
შეტევის შემდეგ 24 საათის განმავლობაში აღინიშნებოდა საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი, რომელიც დაახლოებით ოთხჯერ უფრო ინტენსიური იყო, ვიდრე წინა ათი დღის განმავლობაში.
მსხვერპლებს აღენიშნებოდათ ქიმიური იარაღის შედეგად მიღებული სიმპტომები.
შეტევის შემდეგ გადაღებული ასეული ვიდეომასალა ასახავს მრავალ დაზარალებულს ფიზიკური ნიშნებით, რომლებიც თავსებადია, მაგრამ არა უნიკალურად დამახასიათებელი ნერვულ-პარალიზული აგენტების ზემოქმედებისთვის, მათ შორის უგონო მდგომარეობა, ქაფი ცხვირიდან და პირიდან, თვალის შევიწროვებული გუგები, აჩქარებული გულისცემა და სუნთქვის უკმარისობა.
რამდენიმე ვიდეომასალა ასახავს მრავალ გარდაცვლილ ადამიანს შესამჩნევი დაზიანების გარეშე, რაც თავსებადია ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გარდაცვალებასთან და არათავსებადია გარდაცვალებასთან სასროლი იარაღის, დიდი ასაფეთქებელი ძალის მქონე იარაღის ან კანმაჩირქებელი აგენტით ზემოქმედების შედეგად.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის რეჟიმმა გამოიყენა ქიმიური იარაღი. სირიის რეჟიმი ფლობს მრავალ ქიმიურ აგენტს, მათ შორის იპრიტს, ზარინს, VX-ს და გააჩნია ათასობით საბრძოლო მასალა, რომლის გამოყენება შეიძლება ქიმიური იარაღის აგენტებით შეტევის საწარმოებლად. ვაფასებთ მაღალი სანდოობით, რომ სირიის რეჟიმმა რამდენჯერმე გამოიყენა მცირე მასშტაბში ქიმიური იარაღი ოპოზიციის წინააღმდეგ გასულ წელს.
ვაფასებთ, რომ რეჟიმის უუნარობით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ, მოეპოვებინა კონტროლი დამასკოს დიდ ნაწილზე, შესაძლოა, უბიძგა რეჟიმს, მიეღო გადაწყვეტილება 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ძალიან ნაკლებად სარწმუნოა, რომ ოპოზოციას შეეძლო განეხორციელებინა ეს შეტევა ან გაეკეთებინა მისი ფაბრიკაცია.
არ გვინახავს რაიმე ნიშანი, რომ ოპოზიციას ეწარმოებინოს ისეთი ფართომასშტაბიანი, კოორდინირებული სარაკეტო და საარტილერიო შეტევა, როგორსაც ადგილი ჰქონდა 21 აგვისტოს.
ჩვენს სადაზვერვო წყაროებს დამასკოს ტერიტორიაზე შეტევის წინა დღეებში არ შეუმჩნევიათ რაიმე ნიშანი, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები გეგმავდნენ ქიმიური იარაღის გამოყენებას.
მეტიც, ვაკეთებთ შეფასებას, რომ სირიის ოპოზიციას არ გააჩნია შესაძლებლობა, მოეხდინა ყველა ვიდეომასალის, სამედიცინო პერსონალის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დადასტურებული სიმპტომების და ამ ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ფაბრიკაცია.
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერებს - საფრთხით, რომელსაც წარმოადგენს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული საერთაშორისო ნორმის შერყევა, რასაც უნდა მოყვეს პასუხისმგებლობის დაკისრება;
შემდგომი ძალადობის და არასტაბილურობის რისკით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონს, მათ შორის მჭიდრო მოკავშირეებს და პარტნიორებს, როგორებიც არიან ისრაელი, თურქეთი და იორდანია; და რისკის ზრდით, რომ ეს იარაღი მოხვდება ტერორისტული ჯგუფების ხელში, რომლებმაც იგი შეიძლება გამოიყენონ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ამ შეტევას და მოითხოვს მოქმედებას. არაბულმა ლიგამ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება "დააკისროს სრული პასუხისმგებლობა სირიის რეჟიმს ამ დანაშაულის ჩადენაზე". ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომ "რეჟიმმა უნდა აგოს სამართლებრივი და მორალური პასუხი ამ საზარელი დანაშაულის ჩადენისთვის". ნატო-ს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ განაცხადა, რომ "ასეთი იარაღის გამოყენების ნებისმიერი შემთხვევა მიუღებელია და არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. ჩამდენებმა უნდა აგონ პასუხი".
ნებისმიერი საპასუხო ქმედების მიზანი იქნება შეზღუდული...
პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, როგორი უნდა იყოს საპასუხო ქმედება. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი საპასუხო ქმედება იქნება კონცენტრირებული რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. აუცილებელია მკაფიო გზავნილი მიეწოდოს ასადს, მის მოკავშირეებს და მსოფლიოს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არ დარჩება პასუხგაუცემელი. ეს მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევისთვის, რომ შეწყდეს ქიმიური იარაღის გამოყენება სირიაში, შენარჩუნდეს ადამიანების სიცოცხლე და გახდეს შემაკავებელი ფაქტორი ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის სხვების მიერ მომავალში.
ეს არ არის 2003 წ. ერაყი. პრეზიდენტი განიხილავს საპასუხო ქმედებას, რომელიც იქნება შეზღუდული, მორგებული და კონცენტრირებული ქიმიური იარაღის საკითხზე. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი არ განიხილავს სამხედრო ინტერვენციას განუსაზღვრელი საბოლოო ვადით, რომელიც მიმართული იქნება რეჟიმის ცვლილებაზე, ასევე იგი არ განიხილავს აშშ-ის სახმელეთო ოპერაციას. ეს არ არის ერაყი ან ავღანეთი (სახმელეთო ძალების მონაწილეობა) ან ლიბია (ხანგრძლივი საჰაერო კამპანია)", - ნათქვამია განცხადებაში.