კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დღეს მესტიაში კათოლიკოს პატრიარქის მიერ აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევას დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივ მრევლს ტაძრის კურთხევა მიულოცა: „დღეს დიდი სიხარულია საქართველოში, იმიტომ რომ მესტიაში გაიხსნა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი, ამ სიხარულს ვიზიარებთ ჩვენს სვან ძმებთან და მთელ საქართველოსთან ერთად. პატრიარქი ამობრძანდა და ჩვენ ერთად ვილოცეთ ახალ ტაძარში“.
საკვირაო წირვას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მინისტრთა კაბინეტის და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ლევან ვასაძემ აღნიშნა, რომ ახალი ტაძრის კურთხევა ისტორიული დღეა „პატრიარქმა ხელი მოაწერინა სვანებს სიგელზე, რომლითაც ჩვენ ყველანი ვინანიებთ ერთმანეთის შუღლს მთელი საქართველოს მაშტაბით. ბედნიერი ვარ, რომ აქ არის ჩემი მეგობარი, საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და ყველანი ერთად სიკეთესა და მადლში ვართ“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.
აღდგომის სახელობის ტაძრის კურთხევას და საკვირაო წირვას ასევე დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგიენკო, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი.
„გამორჩეული დღეა სვანეთისთვის, უწმინდესობა ჩამობრძანდა, ტაძარი იკურთხა. გამორჩეული კუთხეა თავის სიწმინდეებით, ეკლესიების სიმრავლით, ხატებით. ადგილობრივები ამბობენ სამყარო სვანების ლოცვაზე დგასო და ჩვენს კანდიდატსაც, დარწმუნებული ვარ, ეს ლოცვა დაეხმარება გამარჯვებაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.