საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ადმინისტრაციული რესურსების შესახებ მომზადებული მემორანდუმის პროექტი განიხილეს. IFES-ი ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია ფასილიტაციას უწევს მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსში არსებული მუხლების ერთგვაროვან განმარტებას. მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციის, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის და IFES-ის ერთობლივი პერმანენტული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე შემუშავდა; შეხვედრებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) უწევდა ორგანიზებას. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 5 სექტემბერს მოეწერება.
მემორანდუმი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზების კიდევ ერთი გარანტიაა, ვინაიდან ხელისმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებით, ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს, სწორედ დოკუმენტში ასახული განმარტებების მიხედვით მოქმედებაზე თანხმდებიან, რითაც საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფენ.
ურთიერთთანამშრომლობის ამგვარი დოკუმენტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებით გაფორმდა 2008, 2010 და 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც.