2013 წლის 23 აგვისტოს ინტერნეტ-პორტალ „smo.ge“-ზე გამოქვეყნდა სტატია - “რა კავშირი აქვს თენგიზ ჯგუშიას მოსამართლე ლელა ცანავასთან?!“.
ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ ეხმაურება მითითებულ სტატიას და მიზანშეწონილად მიაჩნია, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით რეალობის ამსახველი კომენტარი გააკეთოს სტატიაში მოყვანილი არასწორი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტების ირგვლივ.
სტატიაში საუბარია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის - ლელა ცანავას - მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თენგიზ ჯგუშიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვაზე. სტატიის ავტორთა განცხადებით, „სანდო წყაროს ცნობით, მთელი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ თენგიზ ჯგუშიას საქმე სწორედ გიური ცანავას ქალიშვილს (მოსამართლე ლელა ცანავა) განეხილა და არა მოსამართლე მიქავას. ამის წინააღმდეგ გამოდიოდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობია, თუმცა ბოლო პერიოდში მასაც ფარ-ხმალი დაუყრია“.
სტატიის ავტორთა გაღიზიანება, როგორც ჩანს, გამოიწვია მოსამართლე ლელა ცანავას მიერ გამოყენებულმა აღკვეთის კონკრეტულმა ღონისძიებამ, კერძოდ, - თენგიზ ჯგუშიასადმი პატიმრობის ნაცვლად გირაოს - პატიმრობის უზრუნველყოფით - შეფარდებამ.
ასოციაცია „საქართთველოს მოსამართლეთა ერთობა“ ღიად აცხადებს, რომ სტატიაში შეგნებულად არის გადმოცემული სინამდვილისათვის შეუსაბამო ფაქტები, კერძოდ, ის, რომ ზემოთ ხსენებული საქმე მავანთა მონდომებითა და გავლენით დაეწერა მოსამართლე ლელა ცანავას. ასოციაციამ გადაამოწმა ინფორმაცია და საქართველოს საზოგადოებას სრული პასუხისმგებლობით განუმარტავს შემდეგ გარემოებებს: ზუგდიდის რ/სასამართლოში სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს სულ 5 მოსამართლე: ნატრული აკობია (სასამართლოს თავმჯდომარე), ლაურა მიქავა, ლელა ცანავა, ირაკლი აბშილავა და დავით გელაშვილი. ზემოთ ხსენებული საქმის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შესვლის (10 აგვისტო, 23.05 სთ, შაბათი) და საქმის განხილვის დროს (11 აგვისტო, 15.30 სთ, კვირა), კუთვნილი შვებულებით სარგებლობდა ზემოთ დასახელებული ყველა მოსამართლე, გარდა მოსამართლეების - ლელა ცანავასა და დავით გელაშვილისა, რომელიც ნატრული აკობიას შვებულებაში ყოფნის გამო ასრულებდა სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას. დავით გელაშვილი 10-11 აგვისტოს იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ხოლო ნატრული აკობია - ზუგდიდიდან მოშორებით. 10-11 აგვისტოს, ანუ, არასამუშაო დღეებში (შაბათი-კვირა) ზუგდიდის რ/სასამართლოში მორიგე მოსამართლე იყო სწორედ ლელა ცანავა, რომელმაც განიხილა კიდეც მისი მორიგეობის დროს სასამართლოში შესული საქმე. რაც შეეხება არასამუშაო დღეებში მოსამართლეთა მორიგეობის გრაფიკს, იგი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ნაწილდება ყოველი თვის დასაწყისში, ხოლო აღნიშნული წესი რეგულირდება „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. მოცემულ შემთხვევაშიც, მოსამართლე ლელა ცანავას არასამუშაო დღეებში მორიგეობის გრაფიკი, ანუ 10-11 აგვისტო, განისაზღვრა ჯერ კიდევ აგვისტოს თვის დასაწყისში, რაც გამორიცხავდა ვინმეს ჩარევით მოსამართლე ლელა ცანავასათვის ზემოთ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის განაწილებას.
ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ მოსაზრებით, სტატიაში დამახინჯებული ფაქტები ემსახურება პრინციპულობით გამორჩეული მოსამართლეების დისკრედიტაციას, რაც ყოვლად დაუშვებელია და ლახავს საზოგადოებაში ამგვარი მოსამართლეების, როგორც სახელმწიფო სამართლებრივი გარანტის, სტატუსს. ასოციაციის მიზანი ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაზრდაა, ხოლო მსგავსი ტიპის განცხადებები ხელს უშლის ამ პროცესს. სასამართლო სისტემამ სწორედ ინდივიდუალურ მოსამართლეთა გაძლიერებით და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით უნდა მოიპოვოს საზოგადოების ნდობა. შესაბამისად, მოსამართლის წინააღმდეგ მიზანმიმართული, სახელის გამტეხი განცხადებები აღიქმება მის პირად დამოუკიდებლობაში ჩარევად. ამავე დროს, ასოციაცია განმარტავს, რომ, თუკი სახეზეა მოსამართლისათვის საქმის აცილების წინაპირობები, არსებობს მისი სამართლებრივი გადაჭრის მექანიზმი. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსამართლის აცილების საკითხი სასამართლო პროცესზე არავის დაუსვამს. აღნიშნული გარემოება კი, კიდევ ერთხელ მიუთითებს სტატიის ავტორთა მიერ, კონკრეტული მოსამართლის რეპუტაციის შელახვის მცდლობით, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანაზე.
ასოციაცია მზაობას გამოთქვამს, ინტერნეტ-პორტალ „smo.ge“-ს მიერ საინფორმაციო წყაროს ვინაობის გამჟღავნების შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც, როგორც სტატიაშია მითითებული, სასამართლოდან მომდინარე წყაროა, დაინტერესდეს სასამართლო მოხელის მიერ მოსამართლის მადისკრედიტებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით.