"5 წლის შემდეგ, სეპარატისტული რეგიონები მოსკოვისკენ მიიწევენ", - ამ სათაურით აქვეყნებს ირლანდიური გამოცემა The Irish Times დენიელ მაკლაფლინის სტატიას აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთზე.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მართალია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კარგა ხანია, საქართველოს გამოეყვნენ, თუმცა დღემდე გაურკვევლობაში ცხოვრობენ. ქართულ სოფელ ერგნეთში კი მობილური ტელეფონით აბონენტებს განსაკუთრებული მოკლე ტექსტური შეტყობინება მისდით: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში!"
"საქართველოს ოფიციალური ტერიტორია კიდევ 50 კილომეტრით ან უფრო მეტით გადაიწია. მაგრამ აღმართული ღობეები და მავთულხლართები, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსი ჯარისკაცების სამეთვალყურეო პოსტებზე, შეუძლებელს ხდის უფრო შორს წასვლას. საგუშაგოზე კი ერთდროულად ორი დროშაა აღმართული: წითელ-თეთრ-ლურჯ ფერში გადაწყვეტილი რუსეთისა და თეთრ-ყვითელი ფერის სამხრეთ ოსეთის დროშა. საქართველოს ეს რეგიონი ხუთი წლის წინ კრემლმა სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარა", - წერს დენიელ მაკლაფლინი და დასძენს, რომ დამოუკიდებლობის მიღებიდან ხუთი წლის შემდეგ რეგიონი, რომელმაც საქართველოდან დე-ფაქტო დამოუკიდებლობა რუსეთზე სრულ დამოკიდებულებაზე გაცვალა, კვლავ გაურკვევლობაში ცხოვრობს.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი არა მხოლოდ იცავს ე.წ.სამხრეთ ოსეთის სადავო საზღვრებს და იქ საკუთარ მომსახურებას ეწევა, მათ შორის მობილური ქსელებით უზრუნველყოფას, არამედ რეგიონის ერთადერთ სავაჭრო პარტნიორად, ინვესტორად და დახმარების გამწევად მოიაზრება.
"რუსეთმა სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი მას შემდეგ აღიარა, რაც თბილისს მისი დაბრუნების აშკარა მცდელობა ჰქონდა. ხუთდღიანი ომისა და მისი შედეგების წყალობით, მოსკოვს ურთიერთობები დაეძაბა აშშ-სა და ევროპელ მეგობრებთან, მაგრამ რუსეთის მიერ თავის პოსტსაბჭოთა "შემოგარენზე" ძალის დემონსტრირებამ, შეაფერხა თბილისის ნატო-ს წევრობისკენ სვლა", - წერს დენიელ მაკლაფლინი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი თანდათან კარგავს მოთმინებას თავის პატარა, მაგრამ ძვირადღირებულ მეურვეობის ქვეშ მყოფ რეგიონზე. მისივე თქმით, მოსკოვმა 2008 წლის შემდეგ ე.წ.სამხრეთ ოსეთში 750 მილიონი ევრო ჩადო, თუმცა ამ თანხის უმეტესი ნაწილი მოიპარეს ან უმიზნოდ გაანიავეს. ომის შედეგად დაზიანებული შენობები და განადგურებული ინფრასტრუქტურა კი კვლავ მოშლილია.
"ბოლო კვირაში მომხდარმა ორმა შემთხვევამ კიდევ უფრო აშკარა გახდა სამხრეთ ოსეთის და უფრო მეტად რუსეთის წინაშე მდგარი პრობლემები: ძველი მილების გახეთქვის შედეგად ცხინვალის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუჩერდა; პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა კი განაცხად, რომ რეკონსტრუქციის პროექტებიდან თანხის მითვისების გამო ცხრა ყოფილ მაღალჩინოსანზე გაიცა დაპატიმრების ორდერი, მათ შორის ექს-მინისტრებზე", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის 30 ათასი რეზიდენტი კვლავაც არ გამოთქვამს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილს, თუმცა ე.წ.სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი აღიარებენ, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა ოფიციალურად ცნო ისინი დამოუკიდებლად, მეტის მოლოდინი ჰქონდათ.
"დღესდღეობით რეგიონში ნაციონალური ფსიქილოგიური დეპრესიის ნიშნები იკვეთება – ხალხს თვითრწმენა, საზოგადობის, თავიანთი ლიდერებისა და ქვეყნის ნდობა აქვთ დაკარგული. ცხოვრება ინერტულად მიედინება. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ეკონომიკა არ ვითარდება, ჩვენ სრულ ეკონომიკურ სტაგნაციას განვიცდით", - ციტირებს სტატიის ავტორი სამხრეთ ოსეთის მთავრობის ყოფილი პრესსპიკერის ირინა გაგლოევას კომენტარს.
დენიელ მაკლაფლინი ასევე აღნიშნავს, რომ ამ თვითგამოცხადებული რეგიონის მომავალი კვლავაც ბუნდოვანია. მისივე თქმით, ისიც კი არ არის გარკვეული, მართლაც უნდათ თუ არა ე.წ.სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთ დამოუკიდებლობა, თუ რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ნათესავებთან გაერთიანება ურჩევნიათ.
"დღეს ჩვენ პრაქტიკულად ერთ ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეში ვართ და, რა თქმა უნდა, თითოეული ოსი ფიქრობს, რომ მომავალში უნდა გავერთიანდეთ და რუსეთის შემადგენლობაში უნდა ვიყოთ. ეს თითოეული ოსის ოცნებაა", - ციტირებს სტატიის ავტორი ლეონიდ თიბილოვის სიტყვებს.
დენიელ მაკლაფლინი ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებული მდგომარეობაა აფხაზეთში, რომლის დამოუკიდებლობაც რუსეთმა ასევე ხუთი წლის წინ აღიარა.
"მიუხედავად იმისა, რომ ხალხი აქაც რუსულ პასპორტებსა და რუბლებს მოიხმარს, რუსეთთან გაერთიანებას ბევრად ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს", - წერს დენიელ მაკლაფლინი და დასძენს, რომ აფხაზეთში ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთში რამდენიმე ათასი რუსი სამხედროა განლაგებული.
"რუსეთს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი უსაფრთხოებისა და ვაჭრობის თვალსაზრისით. ყოველწლიურად აფხაზეთში 2 მილიონი რუსი ტურისტი ჩამოდის. რუსეთმა ჩვენი ხალხი ქართველებისგან დაიცვა. ის პენსიების გაცემასა და ინფრასტრუქტურის აღდგენაში გვეხმარება. ჩვენი ქვეყანა ომმა დაანგრია და გაანადგურა და რუსეთის გარდა, ჩვენი დახმარებისთვის არავინაა მზად. ჩვენ ახლა უსაფრთხოდ ვცხოვრობთ და მყარად დავიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას", - ციტირებს სტატიის ავტორი აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას კომენტარს.
დენიელ მაკლაფლინი ასევე წერს, რომ საქართველო უარს ამბობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და მიიჩნევს, რომ თავისი ტერიტორიების მეხუთედი რუსეთის ჯარების მიერაა ოკუპირებული.
"მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეარბილა თბილისის პოზიცია იზოლაციის პოლიტიკის შერბილებით და მათი დარწმუნებით, რომ მათთვის უმჯობესი იქნება საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება", - წერს დენიელ მაკლაფლინი.
"ჩვენ საქართველო მათთვის მიმზიდველი უნდა გავხადოთ მყარი დემოკრატიით, ინსტიტუციებითა და ეკონომიკით. მათ უნდა მოუნდეთ ისევ ჩვენთან ერთად ცხოვრება. ასე რომ, ჩვენ არა ტერიტორიების, არამედ ჩვენს ხალხთან ურთიერთობის აღდგენაზე უნდა ვილაპარაკოთ", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.