გეი-უფლებები ფართოდაა გავრცელებული დასავლეთში, მაგრამ ყოფილ საბჭოთა კავშირში წინააღმდეგობა შეიმჩნევა.
რუსეთის მიერ ახლახანს მიღებულმა აკრძალვამ გეი-პროპაგანდაზე რუსეთის პროდუქციასა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ბოიკოტისაკენ მოწოდებები გამოიწვია. საქართველოში კი მართლმადიდებელი ეკლესია გაუძღვა ათასობით მორწმუნეს ა.წ. მაისში თბილისში გამართული გეი-უფლებათა მხარდამჭერი აქციისათვის გზის გადასაკეტად.
მათ ბანერები მოჰქონდათ, გალობდნენ და ხელთ გეების დასასუსხად ჭინჭარი ეპყრათ. შემდეგ კი პოლიციის კორდონი გაარღვიეს.
შეძახილებით „მოჰკალ! მოჰკალ!“ დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს მინი-ავტობუსს, რომელშიც გეი-აქტივისტები შეყუჟულიყვნენ.
იმ დღეს არავინ მოუკლავთ და მიყენებული ტრავმებიც მეტ-ნაკლებად მსუბუქი აღმოჩნდა. დღეს კი საქართველო მომხდარს ზედმიწევნით აანალიზებს.
შალვა კეკელია იქ, იმ დღეს შეკრებილ 200 სასულიერო პირთაგან ერთ-ერთია. მისი თქმით, სასულიერო პირთა უმრავლესობა ძალადობის აღკვეთას ცდილობდა.
„ვუთხარით გეეებს, რომ უნდა წასულიყვნენ, რადგანაც მათ წინააღმდეგ მიმართულ მასებს ვეღარ ვაკავებდით, - განაცხადა მან 17 მაისს, გულისხმობდა რა მსვლელობის წინ გაჟღერებულ გაფრთხილებებს, - მათ კი არ მოგვისმინეს და ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ. ასე რომ, ამის შეჩერება ჩვენ აღარ შეგვეძლო“.
ჰომოსექსუალობა, როგორც ცოდვა
მამა შალვას თქმით, ჰომოსექსუალობა ცოდვაა, რომლის შეწყნარებაც საქართველოში დაუშვებელია.
„ჩვენთვის ეს სრულიად დაუჯერებელია, - განაცხადა მამა შალვამ, სამი შვილის მამამ, - გვესმის, რომ ყველა თავისუფალია, აკეთოს ის, რაც მოესურვება, მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ჰომოსექსუალობა იქადაგონ, რადგანაც ეს ცოდვაა“.
საქართველოს ბევრი მოქალაქის მსგავსად, შალვაც ჰომოსექსუალობას უყურებს, როგორც უცხოეთიდან შემოტანილ მოვლენას. „ევროპაში გამუდმებით ცდილობენ, გვასწავლონ, როგორ მოვიქცეთ, - განაცხადა მან მჩქეფარე რუსთაველის გამზირზე 100 წლის წინ აშენებულ ტაძარში, რომელშიც ის მსახურობს, - რატომ ჰგონიათ, რომ ასეთი ბრიყვები ვართ და თვითონ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ?“
მეორე მხრივ, შორიახლოს მდებარე ღია კაფეში ვხედავთ დავით შუბლაძეს, „ლგბტ საქართველოს“ დამფუძნებელს. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია საკუთარი, ძირძველი ტოლერანტობა.
„ჩვენ მხარდასაჭერად გაიმართა მანიფესტაციები, რომლებიც არა ლგბტ თემის წარმომადგენლების, არამედ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ მოეწყო“, - განაცხადა შუბლაძემ (საუბარია პეტიციისათვის ხელმოწერების შეგროვების აქციის შესახებ), - „15 000 ხელმოწერა შეაგროვეს და17 მაისის ძალადობის გამოსაძიებლად პარლამენტს გადასცეს“.
მოქალაქეთა მხარდაჭერა ლგბტ სასარგებლოდ
როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა პარლამენტარმა ეჭვი შეიტანა ხელმოწერების სინამდვილეში, Facebook გვერდები აჭრელდა ატვირთული სურათებით და წარწერებით: „მე შევცოდე და მართლაც ვარსებობ“.
საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შედეგად მოიხსნა ტაბუ: ორი სასულიერო პირის წინააღმდეგ აღიძრა სასამართლო საქმე. მათ ბრალად ედებოდათ ძალადობისა და მუქარის გამოყენება დემონსტრაციის ჩატარებისათვის ხელის შეშლის მიზნით. ერთი სასულიერო პირი გაამართლეს, მეორე კი სასამართლოს წინაშე ამ კვირაში წარდგება.
ალექსანდრე რონდელი (ანალიტიკური ცენტრის დირექტორი თბილისში) აცხადებს, რომ ანტი-გეი ძალადობას დადებითი შედეგები მოჰყვა.
„მომხდარი არ არის ცუდი, რადგანაც მოიხსნა ეკლესიის დაუსჯელობისა და მისი კრიტიკის ტაბუ“, - განაცხადა რონდლემა (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი), - ახლა ბევრი აკრიტიკებს მას. მანამდე კი ეკლესიის თემა ტაბუ გახლდათ. ეკლესიის საქმიანობის განხილვა შეუძლებელი იყო“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება უმცირესობებს იცავს.
„სამი დღის შემდეგ იმავე ჯგუფს მიეცა მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების საშუალება, - განუცხადა მან „ამერიკის ხმას“ მის აგარაკზე (ურეკი) ჩაწერილ ინტერვიუში, - პოლიცია ძალიან გონივრულად და გამოზომილად მოქმედებდა, ხოლო ხალხის მასებში აგიტაციის განმხორციელებლები და უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობის წამქეზებლები დაისაჯნენ. ეს გახლდათ უკიდურესად ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იცავს ხელისუფლება ამ უმცირესობათა უფლებებს“.
საქართველოს ტრადიციულმა საზოგადოებამ 21-ე საუკუნეში შეაბიჯა და მოსალოდნელია, რომ ახალი თაობები კიდევ უფრო დიდი სოციალური ცვლილებების წინაშე დადგებიან.
http://www.globalpost.com/dispatches/globalpost-blogs/commentary/power-struggle-damaging-image-and-future-georgia-0