გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა თეთრიწყაროში

გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა თეთრიწყაროში

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ქვემო ქართლში მართავს.

გიორგი მარგველაშვილი თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დეპუტატმა გია ვოლსკმა წარუდგინეს. ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა მარინა მუსხელიშვილი და დეპუტატი ლერი ხაბელოვი. შეხვედრას რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური უძღვებოდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო. გიორგი მარგველაშვილი თეთრიწყაროში შეკრებილ საზოგადოებას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

„ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი ქართველი კაცის და საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური აღორძინებაა, რაც იწყება სოფლიდან. აქტიურად მიმდინარეობს წყალსადენების შეკეთება, ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტები. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მინდა გითხრათ, რომ სექტემბრიდან, ამოქმედდება კანონი კოოპერატივების შესახებ. ჩვენ ერთად დავიწყებთ კოოპერატივების შექმნას, რომელსაც დაეხმარება სპეციალური სააგენტო პროექტების მომზადების საკითხში. კოოპერატივი არის სოფლის მეურნეობის აღორძინების მნიშვნელოვანი რესურსი,“-განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა 27 ოქტომბრის შემდეგომ განსახორციელებელ ცვლილებებზეც ისაუბრა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„სტაბილური მთავრობა და პოლიტიკური ვითარება გვჭირდება იმისთვის რომ გავმართოთ ეკონომიკა, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ სტაბილური და წელში გამართული. 27 ოქტომბრის მერე სხვა პოლიტიკური ეპოქა დგება, დამთავრდება ის დაპირისპირება, რომელსაც უქმნიდნენ ხალხსაც და ხელისუფლებასაც, 27 ოქტომბრის შემდეგ დამთავრდება კოჰაბიტაცია. მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, არა იმისთის რომ მე გავხდე პრეზიდენტი, არამედ იმისთვის რომ ხალხი და მთავრობა დადგეს ერთად და ავაშენოთ ძლიერი საქართველო. 27 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ,“ - აღნიშნა თავის სიტყვაში მარგველაშვილმა.

ამ წუთებში კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, დმანისის რაიონის, სოფელ ამამლოს ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება, რის შემდეგაც რაიონის მოსახლეობასთან შესახვედრად დმანისის რაიონულ ცენტრში გაემართება.