"დიახ, ნატო-მ უნდა მიიღოს საქართველო", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა National Interest მაიკლ სესირეს სტატიას საქართველო-ნატო-ს ურთიერთობაზე.
სტატიის ავტორი ეხმაურება ამავე გამოცემაში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ დუგ ბენდოუს სტატიას, სახელწოდებით "ნატო-ს ქართული კოშმარი", სადაც ავტორი აღნიშნავდა, რომ ვაშინგტონმა არ უნდა დაუშვას საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება.
"აპრილში, World Politics Review ღევიეწ-ში გამოქვეყნებულ ჩემს წერილზე დაყრდნობით ბენდოუმ საქართველოს შეირაღებული ძალების დაგეგმილი მოდერნიზაცია რატომღაც იმის მტკიცებულებად მიიჩნია, რომ თბილისი "უფრო ხელსაყრელად მიიჩნევს ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიას". სინამდვილეში კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების შედეგადად ქვეყანა უკეთესად შეძლებს საკუთარი საზღვრების დაცვა", - წერს მაიკლ სესირე და დასძენს, რომ პროფესიონალური, მობილური და დასავლეთზე ორიენტირებული არმია, რომელიც ერაყსა და ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში ჰელმანდის პროვინციაში იბრძვის, გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა საქართველოს ტერიტორიული უსაფრთხოებისა და ნატო-ს პოტენციური წევრობის მხრივ.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ავღანეთში მძიმე დანაკლისის შემდეგ შეკითხვები გაჩნდა ქართველების მისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუმცა, მისივე თქმით, ივლისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის 73%-მა საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებებს, 79%-მა კი ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.
"ეს არის ქვეყანა, რომელსაც მართლაც ძალიან სურს გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი. ბენდოუს მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, არსებობს აშშ-ის ინტერესებზე ორიენტირებული მყარი არგუმენტები საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის. პირველ რიგში ლიბერალური, კანონზე დამყარებული სისტემის აღმოსავლური გაფართოება საკმაოდ კარგი იქნება აშშ-სთვის, რომელიც ფუნდამენტალურად უფრო უსაფრთხო და წარმატებული იქნება, როცა მისი ძირითადი ფასეულობები მსოფლიოს მოიცავს", - წერს მაიკლ სესირე.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ბენდოუს მსგავსი ნატო-ს კრიტიკოსები, ორგანიზაციას ადანაშაულებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის მისიის გარეშეა დარჩენილი, თუმცა ისინი არ აღიარებენ, რომ ცივ ომში ნატო-ს მიღწევა იმდენად სოციალურ-პოლიტიკური იყო, რამდენადაც სამხედრო.
მაიკლ სესირე ასევე ციტირებს ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის კვლევების ხელმძღვანელის, პროფესორ მამუკა წერეთლის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მომავალს ერთგვარი გავლენა ექნება მის მეზობლებზე კავკასიაში, შავი ზღვისა და კასპიის რეგიონებში.
"თუ საქართველო, რომელიც პოლიტიკური განვითარების პოზიტიურ ტრაექტორიას უბრუნდება და რეგიონალურ ურთიერთობებში სტაბილურობისკენ დიდ ნაბიჯებს დგამს, მუდმივად დარჩება ალიანსს მიღმა, ეს უარყოფითად აისახება დემოკრატიზაციაზე ისევე, როგორც ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში მომავალ თანამშრომლობაზე", - წერს მაიკლ სესირე და დასძენს, რომ ყოველივე ეს სერიოზული დარტყმა იქნება აშშ-სა და ევროპული ინტერესებისთვის.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იმ დღეს გახდა აშშ-ს ეროვნული ინტერესის სფერო, როცა 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრებმა პირობა დადეს, რომ საქართველო საბოლოოდ გახდებოდა ალიანსის წევრი.
"თბილისისთვის მიცემული ამ ძლიერი და მრავალმხრივი დაპირებისთვის თავის არიდება არა მხოლოდ საფრთხეს შეუქმნის პროდასავლურ ძალებს მსოფლიოს მასშტაბით, არამედ საფუძვლიანად დააყენებს კითხვის ქვეშ ნატო-ს სერიოზულობასა და აშშ-ს საერთაშორისო ვალდებულებებს. მოწონს თუ არა ეს, ნატო-ს აქვს ვალდებულება, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული გზა უჩვენოს. თუ საქართველო ვერ შეძლებს მნიშვნელოვნად დემოკრატიზაციას და რუსეთთან და სეპარატისტულ რეგიონებთან კონფლიქტის მოგვარებას, მაშინ მისთვის კარის დახურვა ლეგიტიმური იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსთვის კარი უნდა გაიღოს", - წერს მაიკლ სესირე.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, საქართველო წინსვლას განიცდის და მისი სამხედრო რეფორმები და რუსეთთან სასარგებლო ურთიერთობების ზრდა, ერთდროულად ზრდის მის თავდაცვით შესაძლებლობებს, ხოლო მკვეთრად ამცირებს კონფლიქტის განახლების რისკს. ავტორის თქმით, ყველა ზიანის მიუხედავად, რაც საქართველომ რუსეთისგან 2008 წელს მიიღო, დღეს რუსეთს შავი ზღვის რეგიონში შესაძლოა უფრო ნაკლები გავლენა აქვს. განსხვავებით წინა წლების რეპუტაციისგან კი, საქართველო ამჟამად სტაბილურობის გარანტიაა მოუწესრიგებელ რეგიონში.
"ნატო-ს წევრობა, მიღწეული მკაცრ შედეგებზე ორიენტირებული პროცესებით, მხოლოდ დაეხმარება ინსტიტუციონალიზაციას და გააღრმავებს საქართველოს ეფექტს სტაბილიზაციაზე", - წერს მაიკლ სესირე.