გრძელდება რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების ,,როსსელხოზნადზორის“ ვიზიტი. დღეს დაგეგმილია ვიზიტი გორის თხილის გადამამუშავებელ საწარმოში და ასევე სასათბურე მეურნეობაში, სადაც გაეცნობიან ჩითილების გამოყვანის ტექნოლოგიას და საექსპორტო პარტიების ფორმირების პროცესს.
5 კაციანი დელეგაციის წევრებმა შეისწავლეს ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების პროცესი, დაათვალიერეს ახაშენში მდებარე სამაცივრე მეურნეობა. გაეცნენ საწარმოების მუშაობას. მოინახულეს მცენარეული პროდუქტის პირველადი გადამუშავების, დახარისხებისა და შენახვის საწარმო, სადაც ხდება მცენარეული საექსპორტო ტვირთის ფორმირება, საკარანტინო წესების დაცვა და ფიტოსანიტარული სერტიფიცირება.
საგურამოში მდებარე ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის მწარმოებელ ეროვნულ ცენტრში გაეცნენ სანერგეს საქმიანობას, უვირუსო სარგავი მასალის მოყვანას და საექსპორტო პარტიების ფორმირების საკითხებს.
მცენარეებისა და მცენარეული პროდუქციის არსებული ფიტოსანიტარული კონტროლის სისტემის გაცნობის მიზნით დელეგაციის წევრებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა მავნე ორგანიზმების ლაბორატორია დაათვალიერეს.
ასევე დააკვირდნენ გურჯაანში სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტების პრაქტიკულ საქმიანობას ფიტოსანიტარიის სფეროში.
საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების - „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები. ვიზიტი 21 აგვისტოს სრულდება.