არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივი“ 16 აგვისტოს საქართველოში „მაკდონალდსის“ ოფიციალური წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მაკდონალდსის“ პროდუქტი უმაღლესი ხარისხის ხორცით მზადდება და ხორცის დამუშავებისას არასოდეს გამოუყენებიათ ამონიუმის ჰიდროქსიდი.
ამასთან დაკავშირებით „პოზიტივი“ აღნიშნავს, რომ უკვე 18 თვეა ორგანიზაცია ახორციელებს ექსპერიმენტს და დაკვირვებას ზემოაღნიშნული კომპანიის პროდუქციაზე. კერძოდ, 2012 წლის 20 მარტს ქ.თბილისში, კოსტავას ქ. 73–ზე (სპორტის სასახლესთან) მდებარე „მაკდონალდსში“ ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეიძინა ჩიზბურგერი, რომელიც დღემდე არ გახრწნილა და არ დაუკარგავს შეფერილობა. აღნიშნული ფაქტი იწვევს გონივრულ ეჭვს არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხის, არამედ მისი უსაფრთხოების თაობაზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივი“ მიმართავს საქართველოს „მომხმარებელთა ფედერაციას“ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს თხოვნით, გამოიკვლიოს „მაკდონალდსის“ საქართველოს ქსელში გაყიდვაში არსებული საკვები პროდუქტის ხარისხი, უზრუნველყოს მომხმარებელთა უსაფრთხოება და ამ პროცესში იხელმძღვანელოს საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ის პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტის ან სერვისის მიმწოდებელი.
საკვლევი მასალის სახით „პოზიტივი“ საქართველოს „მომხმარებელთა ფედერაციას“ გადასცემს მათ ხელთარსებულ ჩიზბურგერს, ხოლო შესადარებლად მიზანშეწონილად მიიჩნევს იმავე ობიექტში შეძენილი იქნას ახალი ჩიზბურგერი, რომელსაც ასევე უნდა ჩაუტარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზი.