კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს სტეფანწმინდაში მართავს.
მარგველაშვილმა დღეს ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის სახლ-მუზეუმიც მოინახულა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.
გიორგი მარგველაშვილი სტეფანწმინდაში შეკრებილ საზოგადოებას გოგი თოფაძემ და ლანა ღოღობერიძემ წარუდგინეს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო. გიორგი მარგველაშვილი მთაში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა
„ყაზბეგში დღეს საქმიანი შეხვედრით ამოვედი, ჩვენ ერთად უნდა დავგეგმოთ როგორი საქართველო გვინდა ავაშენოთ. თქვენ იცით რომ მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა, ჯანდაცვა გახდა უფასო, სახელმძღვანელოები თქვენს შვილებს ექნებათ უფასო. ეს პროცესი არ შეჩერდება და გაგრძელდება ის ცვლილებები რომელიც დავიწყეთ. მეურნეობის მიმართულებით ბევრი რამ კეთდება. თქვენი რაიონი არის განსაკუთრებული , ის ბავშვები ვინც დღეს აქ დგანან არიან ჩვენი ქვეყნის მესაზღვრეები, თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ადამიანი რომელიც ცხოვრობს აქ, ჰქმნის საქართველოს საზღვარს, რომელიც უძლებს ყინვას, უშუქობას , უგზობას და სხვა პრობლემებს. თქვენ დაფასება გჭირდებათ და ჩვენი მთავრობა ამას აპირებს“-განაცხადა მარგველაშვილმა
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან პუტინისა და ანქვაბის შეხვედრა შეაფასა: „ეს კიდევ ერთი დარტყმა და შეურაცხყოფაა ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენთვის სხვა ფორმის დარტყმებიც მოსალოდნელია, მაგრამ ჩვენ არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით და პოლიტიკა მიგვყავს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების დასაწყისისკენ და ჩვენი პარტნიორები ძალიან აქტიურად არიან ჩართული რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკის გადაწყვეტა , ნორმალური რაციონალური და თანამედროვე კონტექსტში დაიწყოს“
გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელობაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე „დამკვირვებელთან ინსტიტუტი არ არის ახალი, მე მივესალმები საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტივობას ამ მიმართულებით, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ჩვენ ოქტომბრის არჩევნებს ვუყურებთ არა მხოლოდ არჩევნების მოგების თვალსაზღისით , ეს არჩევნები ჩვენთვის არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი იმიტომ რომ გავიმარჯვოთ , არამედ იმისთვის რომ საქართველომ კიდევ ერთი სერიოზული დემოკრატიზაციის განაცხადი გააკეთოს მსოფლიოს წინაშე , რაც დადასტურება ჩვენი პარტნიორების მიერ“
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი სტეფანწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, გერგეთის სამების ტაზარში მხარდამჭერებთან ერთად ფეხით ავიდა.