"საქართველო-რუსეთი: ძველი რომანის განახლება?", - ამ სათაურით აქვეყნებს "ამერიკის ხმა" ჯეიმს ბრუკის სტატიას საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. სტატიის ავტორი იხსენებს, რომ 1991 წლის სექტემბერში, როცა პირველად ჩავიდა საქართველოში, ერთი სული ჰქონდა, როდის გამოიყენებდა კოლეჯში ნასწავლ რუსულს.
"შეშფოთებული დავრჩი – საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამოუკიდებლად მოაზროვნე მოქალაქეებს რუსულ ენაზე არსებული ყველა საჯარო ნიშანი გადაეღებათ, რუსულ ენაზე მაუწყებელ რადიოსა და ტელევიზიას კი ახშობდნენ", - წერს ჯეიმს ბრუკი და დასძენს, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა ცუდიდან უარესში გადაიზარდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, რომლის მემკვიდრეობაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ათასობით რუსი ჯარისკაცია.
"ომიდან ხუთი წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირი გაწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გასულ წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანდა, ის ღიად უგულებელყოფდა წესებს ქართული ხილისა და ბოსტნეულის, ასევე გასულ თვემდე ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვით. სიტუაციის შესამსუბუქებლად, საქართველომ 18 თვის წინ ცალმხრივად გააუქმა რუსეთთან სავიზო რეჟიმი. თუმცა, რუსეთში მოსახვედრად ქართველებს კვლავაც სჭირდებათ ვიზა", - წერს ჯეიმს ბრუკი.
სტატიის ავტორის თქმით, მიუხედავად დაბრკოლებებისა, საქართველოში მოელიან, რომ წელს რუსი ტურისტების რიცხვი ნახევარ მილიონს მიაღწევს. მისივე თქმით, რუსები საქართველოს მსწრაფად მზარდ ტურისტულ ინდუსტრიაში ყველაზე მზარდი სეგმენტია.
"მოსკოვიდან საქართველოს მიმართულებით ამ ზაფხულს დღეში ორჯერ ხორციელდება ჩარტერული რეისები, რომელიც გადატვირთულია. "ამერიკის ხმის" გუნდს გაუმართლა და ბილეთები ვიშოვეთ მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით რეისზე, რომელიც დღეში ერთხელ ხორციელდება. მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით კი რეისები კვირაში სამჯერ ხორციელდება", - წერს ჯეიმს ბრუკი და დასძენს, რომ 7 აგვისტოს რუსეთი და საქართველო საავტომობილო მიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმდნენ, რომელიც 2006 წლიდან იყო შეჩერებული.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ რუსებისთვის საქართველოში ვიზიტი ოფიციალური რუსეთის მიერ საქართველოსთან არსებული კავშირის ერთგვარი იგნორირებაა.
"უფრო მნიშვნელოვანია ქართული სტუმართმოყვარეობის, ისტორიისა და სამზარეულოს ხელახლა აღმოჩენით გამოწვეული სიამოვნებაა. საქართველო რუსებისთვის "მეგობრული, კარგად ნაცნობი, უცხო და ახლოს მყოფია", - წერს ჯეიმს ბრუკი და დასძენს, რომ ყოველივე ამის საპასუხოდ, ქართული ღვინო ამ ზაფხულს რუსეთში დაბრუნდა.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში რუსეთის სანიტარული სამსახურის მაღალანაზღაურებადმა ღვინის ექსპერტებმა ქართული ღვინოები "შეამოწმეს".
"მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ქართული ღვინით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 ათასი წლის წინ ტკბებოდნენ, რომ 2006 წელს რუსეთის ბოიკოტის შემდეგ, ქართული ღვინოები წარმატებით შევიდნენ მსოფლიოს 50 ქვეყნის ბაზარზე, რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადა, რომ 65-მა ქართულმა ღვინის კომპანიამ მისი ტესტი დაძლია", - აღნიშნავს ჰეიმს ბრუკი და დასძენს, რომ მოსკოვის სუპერმარკეტებში თბილისში 6 დოლარად ღირებულ ღვინოს 60 დოლარად ყიდიან.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ჩრდილოეთისკენ მიმავალი ბოთლებისა და სამხრეთისკენ მომავალი ტურისტების გარდა, ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი პრაგმატიზმი გაჩნდა.
"მაგრამ რუსეთისა და საქართველოს ლიდერები აღარ კამათობენ, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად ორ სადავო ტერიტორიაზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა, ამაზე მხარეეები საჯაროდ არ საუბრობენ. რუსები მაგრად დგანან და დაძვრას არ აპირებენ. ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს პრაგმატულმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფოკუსირება ღვინოსა და ტურისტებზე მოახდინა", - წერს ჯეიმს ბრუკი და ბიძინა ივანიშვილის "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუს იხსენებს, სადაც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მიესალმება რუს ვიზიტორებს.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ თბილისში დაბრუნებულს ქართველმა მეგობარმა საკუთარი იდეა გააცნო, რომელიც საქართველოს შესახებ რუსულ ენაზე მოსკოვში ყოველთვიური სამოგზაურო ჟურნალის გამოცემას გულისხმობს. იდეის მიზანი კი რუსეთის ახალი თაობისთვის საქართველოს გაცნობაა.