ზურაბ ხარატიშვილი სამოქალაქო სექტორს მოუწოდებს, თავიანთ შეფასებებს კონსტიტუციასა და სასამართლოზე მაღლა ნუ დააყენებენ

ზურაბ ხარატიშვილი სამოქალაქო სექტორს მოუწოდებს, თავიანთ შეფასებებს კონსტიტუციასა და სასამართლოზე მაღლა ნუ დააყენებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე ანგარიშში გამოთქმულ შეფასებებს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა მიმართ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის საკითხზე არაკვალიფიციურად მიიჩნევს. 

როგორც ზურაბ ხარატიშვილი განმარტავს, ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა მიმართ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 29.11 მუხლს ეფუძნება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"აღნიშნული დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამგვარად, "სამართლიანი არჩევნების" მიერ იმის მტკიცება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, არ შეიცავს სამართლებრივ არგუმენტაციას და ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეს", - აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.

ცესკო-ს თავმჯდომარე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავიანთ შეფასებებს კონსტიტუციასა და სასამართლოზე მაღლა ნუ დააყენებენ, რადგან ეს მათ კომპეტენციასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს.

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ უკრძალავს, - ამის შესახებ 27 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ შუალედურ დასკვნაშია აღნიშნული, სადაც ცესკოს მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ნორმის არასწორ ინტერპრეტაციაზეა საუბარი.

"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებში.

"მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ნორმები ამ მხრივ, გარკვეულწილად, ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა, მათი არა ფრაგმენტული, არამედ ერთობლივი, კომპლექსური განმარტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად დარეგისტრირებაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმით, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა", - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" შუალედურ დასკვნაში.