ამერიკული რადიო NPR:   საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკის დემოკრატიული გარდაქმნა კითხვის  ქვეშ დგას

ამერიკული რადიო NPR: საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკის დემოკრატიული გარდაქმნა კითხვის ქვეშ დგას

"საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკის დემოკრატიული გარდაქმნა კითხვის ქვეშ დგას", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული რადიო NPR კორი ფლინთოფის რეპორტაჟს. 

როგორც რეპორტაჟშია აღნიშნული, ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთს საქართველოში შეჭრის გამო. რუსეთის ტანკებმა საზღვარი გადაკვეთეს მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის დაბრუნებას შეეცადნენ.

"ორ ქვეყანას შორის კვლავ დაძაბულობაა, თუმცა გასულ წელს ქართველმა ამომრჩეველმა ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩია, რომელმაც მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების პირობა დადო", - ნათქვამია კორი ფლინთოფის რეპორტაჟში, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო პატარა ქვეყანა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ნახევარია, თუმცა საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა და მის დასახმარებლად ჯარებს აგზავნიდა ერაყსა და ავღანეთში.

რეპორტაჟის ავტორი წერს, რომ საქართველოს ახალგაზრდა, ქარიზმატულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დასავლეთის მეგობრობა მისი მთავრობის მთავარი მიზნის – ნატო-სა და ევროკავშირის გაწევრიანებით მოიპოვა.

"სწორედ ამიტომ დასავლეთში ბევრი შოკირებული აღმოჩნდა, როცა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიის სასტიკი მარცხის შესახებ შეიტყო. სააკაშვილი კვლავაც ქვეყნის პრეზიდენტია, თუმცა მისი ძალაუფლება შერყეულია, ვადა კი რამდენიმე თვეში ეწურება. საქართველოს პრეზიდენტსა და ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა იმდენად ცუდია, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ისინი მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს", - აღნიშნავს კორი ფლინთოფი და აქვეყნებს უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას კომენტარს - ხელისუფლების არჩევნების გზით და მშვიდობიანად შეცვლით, საქართველომ დემოკრატიის ტესტის მხოლოდ პირველი ეტაპი ჩააბარა; დემოკრატიის ტესტის მომდევნო ეტაპი გამარჯვებულთა მხრიდან იმის გააზრება იქნება, რომ დამარცხებულები არ უნდა გაუჩინარდნენ ან ციხეში არ უნდა აღმოჩნდნენ და მათი პოლიტიკური მეტოქეობა უნდა გააგრძელონ.

"თუმცა, სინამდვილეში, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ წინა მთავრობის ათობით მაღალჩინოსანი დააკავა, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ის თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თანხების მითვისებაში, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და მკვლელობის დაფარვაში დაადანაშაულეს. სხვა მაღალჩინოსნებს კი, საქართველოს მოქალაქეების უკანონო მოსმენებსა და მათთვის თანხების გამოძალვაში დასდეს ბრალი. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, არც სააკაშვილის დაკავებას გამორიცხავს", - აღნიშნავს კორი ფლინთოფი და დასძენს, რომ ივანიშვილი დღესაც არ მალავს სიძულვილს მისი დამარცხებული ოპონენტის მიმართ.

სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი ბიზნესმენია, რომელმაც შეძლო საკუთარი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ გამოიყენა სახელმწიფო მედია საშუალებები და საგადასახადო სისტემა.

"ივანიშვილის პარტიის გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მმართველი პარტია კორუმპირებულად და ავტოკრატიულად ცნო", - აღნიშნავს კორი ფლინთოფი და პროფესორ სტივენ ჯონსის კომენტარს ავრცელებს - ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლება რეაგირებს სამართლიანობის მოთხოვნაზე, მეორე მხრივ, ეს სახიფათო საკითხია, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, ვის დააპატიმრებ, რადგან შესაძლოა შერჩევი სამართალში დაგდონ ბრალი.

"ჯონსი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოში განხორციელებულ სასამართლო წესით დევნაზე შეშფოთებას გამოთქვამენ. ადამიანი, რომელიც ამ დევნაზეა პასუხისმგებელი, საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშივილია. ის ყოფილი ადვოკატია, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მიერ ამ პოსტზე დანიშვნამდე არასდროს უმუშავია პროკურორად", - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი და არჩილ კბილაშვილის კომენტარს ციტირებს, რომელიც აცხადებს, დაკავებები საზოგადოების მოთხოვნაა, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებას მოითხოვენ. არჩილ კბილაშვილის თქმით, მეორე მხრივ კი საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს ახალ მთავრობას, კანონისა და საპროცესო წესების შესაბამისად იმოქმედოს.

როგორც კორი ფლინთოფი აღნიშნავს, საქართველოს წინა და ახალი ხელისუფლებაც აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი საქართველოს დასავლეთისკენ სვლა და საბოლოოდ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაა.

"ამ მიზნებს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება სამართლიანობის ძიების ნაცვლად, შურისძიებაზე ინადირებს. ფსონები მაღალია ქვეყნის შიგნით, სადაც საკითხავია შეძლებს თუ არა საქართველო იქცეს მართლაც კონკურენტუნარიანი მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყნად", - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი და უფლებადამცველ გიორგი გოგიას კომენტარს წერს, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოში რთული იქნება მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნა, ვიდრე ქვეყანაში ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არ ამოქმედდება.