“ტრაქტორების საქმის

“ტრაქტორების საქმის" ბოლო ორი პატიმარიც გირაოთი გათავისუფლდა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ეწ."ტრაქორების საქმეზე" პატიმრობაში მყოფი კიდევ ორი პირის, ვაჟა ნახუცრიშვილისა და გივი ქაიხოსროშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. შესაბამისი განცხადებით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა. გირაოს სანაცვლოდ პროკურატურამ 15 000 ლარი მოითხოვა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ოღონდ ცვლილებით და 15 000 გირაოს ნაცვლად, თანხის ოდენობად 10 000 ლარი განსაზღვრა.

განცხადებით დარჩენილი ორი პატიმრისთვის გირაოს შეფარდების შესახებ პროკურატურამ სასამართლოს ჯერ კიდევ 2 აგვისტოს მიმართა.

"გაცნობებეთ, რომ სისხლის სამართლის საქმე - სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" რიგი თანამდებობის პირების მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, 2013 წლის 31 ივლისს, განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა, აღარ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე; შესაბამისად, ამოწურულია ბრალდებულთა პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის, გირაოთი შეცვლის თაობაზე," - ეწერა განცხადებაში.