ომიდან 5 წლის შემდეგ, სამხრეთ კავკასია კვლავ რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული

ომიდან 5 წლის შემდეგ, სამხრეთ კავკასია კვლავ რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული

"ომიდან ხუთი წლის შემდეგ, სამხრეთ კავკასია კვლავ რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული", - ამ სათაურით აქვეყნებს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო რობერტ კოლსონის სტატიას. 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს აზერბაიჯანში სომხეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ ტერიტორიაზე გაზრდილი ძალადობა იმაზე მიუთითებს, თუ რაოდენ სახიფათოდ რჩება ვითარება არასტაბილურ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ხუთი წლის შემდეგაც.

"ხუთდღიანი ომი, რომელიც სამხრეთ ოსეთში – საქართველოს პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში წარიმართა, საბოლოოდ რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა მან ასევე შეარყია მოსკოვის, როგორც რეგიონში უძლეველის როლი ეთნიკური დაძაბულობის მქონე რეგიონში", - წერს რობერტ კოლსონი და საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს უფროსი მკვლევარის, შტეფან მეისტერის კომენტარს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ აგვისტოს ომმა სიგნალი გაუგზავნა პოსტ-საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებს, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესების გატარებისთვის ძალის გამოყენება სურს.

მეისტერის თქმით, აგვისტოს ომმა გარკვეულწილად ასევე შეარყია რუსეთის როლი როგორც მოთამაშის, რომელსაც შესაძლოა, მოკავშირეები ჰყავდა რეგიონში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ თბილისი-მოსკოვს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, თუმცა ურთიერთობები კვლავაც შორისაა დათბობისგან.

"რეალურად, რუსეთ-საქართველოს შორის ომი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო და ეს ეჭვგარეშეა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ძალიან სახიფათო ქმედება იყო კავკასიაში, რადგან მან გვიჩვენა, რომ რუსეთი იგივე იმპერიაა – ძალიან აგრესიული ყველა ადამიანისა და რეგიონში მცხოვრები პატარა ერების მიმართ", - ციტირებს სტატიის ავტორი აზერბაიჯანის პრეზიდენის ყოფილი მრჩევლის ვაფა გულუზადეს კომენტარს.

როგორც რობერტ კოლსონი აღნიშნავს, 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის გამარჯვების მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ მან შეაჩერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ამბიციები.
"თუმცა, ამავდროულად, კონფლიქტმა გზა გაუხსნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობას. სწორედ ევროკავშირმა იშუამდგომლა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაში, რის შედეგაც 2008 წლის ომი დასრულდა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის და საქართველოს დანარჩენი ნაწილის ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მომდევნო წლებშიც", - აღნიშნავს რობერტ კოლსნი და შტეფან მეისტერის კომენტარს ციტირებს, რომელიც აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს და სომხეთის დემოკრატიზაციასა და კანონის უზენაესობის რეფორმაში. მეისტერის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე გადამწყვეტი როლი იქონია საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით გამართვაში.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის მიმართულებით.

"ჩვენთვის აგვისტოს ომი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 25-წლიანი ომის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ სად მიგვიყვანს საბოლოოდ ეს გზა – ჩვენ არ ვიცით, რადგან ეს ამბავი არ დასრულებულა და სანამ ის არ დასრულდება, დასკვნებს ვერ გამოვიტანთ", - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.