"ტრაქტორების საქმეზე" პატიმრობაში დარჩენილი ორი ბრალდებული, დღეს შესაძლოა გირაოთი გამოუშვან

დღეს, 8 აგვისტოს, 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. "ტრაქტორების საქმის“ განხილვა გაიმართება. პატიმრობაში დარჩენილი ორი ბრალდებული, დღეს შესაძლოა გირაოთი გამოუშვან. წინა სასასამართლო პროცესზე პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულებისთვის აღმკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლაზე ვერ იშუამდგომლა.

ბრალდების მხარე სავარაუდოდ, დღეს იშუამდგომლებს ორი ბრალდებულისთვის - ვაჟა ნახუცრიშვილისთვის და გივი ქაიხოსრიშვილისთვის გირაოს შეფარდების საკითხზე. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ აღმკვეთ ღონისძიებად ბრალდებულების დაპატიმრება არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ბრალეულობას. ადვოკატების თქმით, პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა შუამდგომლობა უსაფუძვლოა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა ივანიაძის დაკითხვის ოქმი საქმიდან ამოიღონ, ხოლო ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა მოითხოვა.