საგარეო უწყება რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო უწყება რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან ხუთი წლის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. 

"შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალები არ აძლევენ ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის, ასობით ათასობით მსხვერპლს საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. გარდა ამისა, რუსეთი განაგრძობს მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი საქართველოს რეგიონების აღიარებისკენ მიმართულ მცდელობებს, მათ შორის, პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ბერკეტების აქტიური გამოყენებით",-ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უგულებელყოფს და არღვევს ევროკავშირის შუამდგომლობით შემუშავებული და 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებებს.

"ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების ნაცვლად, რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზები, მათ შორის, სამხედრო ნაწილების რაოდენობის გაზრდისა და მძიმე თავდასხმითი შეიარაღების განთავსების გზით.

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთი ღიად ეწინააღმდეგება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო მექანიზმების შექმნას მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ საქართველოს ტერიტორიაზე და ხელს უშლის ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობას.

მიუხედავად ზემოთთქმულისა, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ ნორმალიზებას, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ გადადგა კონკრეტული არსობრივი და კონსტრუქციული ნაბიჯები, კერძოდ: ცალმხრივად აიღო სამართლებრივი ვალდებულება არსებული კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ; - რუსეთს მოუხსნა დაბრკოლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე; - ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის; - უარი განაცხადა 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტზე; - განაცხადა მზადყოფნა, ითანამშრომლოს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებზე; - დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენის პოლიტიკური ნება.

მიუხედავად ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში არსებული დადებითი ტენდენციისა, სამწუხაროდ, მოსკოვმა გააქტიურა საქართველოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული პროვოკაციული პოლიტიკა. რუსულმა მხარემ განაახლა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და მიწაყრილების გავლება, რაც წარმოადგენს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას. რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არეალის გაფართოება, ღობეებისა და ბარიერების აშენების გზით, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და წარმოადგენს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას. ამასთან, რუსეთი, როგორც ოკუპანტი ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საერთაშორისო სამართლის თანახმად, პასუხისმგებელია, დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიზანს კვლავ წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება მოლაპარაკებების გზით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე.

"საქართველო კონსტრუქციულად არის ჩართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არსებულ ფორმატში თანათავმჯდომარეებთან - ევროკავშირთან, გაერო-სა და ეუთო-სთან - ერთად მუშაობის გააქტიურებას ორი ძირითადი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასა და გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. სამწუხაროდ, რუსეთმა გააძლიერა ჟენევის მოლაპარაკებების წინააღმდეგ მიმართული სტრატეგია, რაც კიდევ უფრო აფერხებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესს.

საქართველო ცდილობს ომით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების წახალისებას. აფხაზი და ოსი თანამემამულეებისათვის შერიგების ხელის გაწვდით, საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს მათ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და შექმნას საერთო მომავლის შენების პირობები.

საქართველოს მთავრობა გამოხატავს მადლიერებას პარტნიორებისადმი, რომლებიც მხარში დაუდგნენ ქვეყანას როგორც ომის დროს, ასევე ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. საქართველო დიდად აფასებს მეგობარი სახელმწიფოების დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელთაც შეაჩერეს რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესია და ქვეყანას მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინეს ეკონომიკური სტაბილურობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის საქმეში. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაში. იგი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარ გარანტორს.

საქართველოს მთავრობა ღრმად არის დარწმუნებული, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული, ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარება წარმოადგენს ქვეყნის გაერთიანების ყველაზე ეფექტურ და საიმედო გზას. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებთან, ევროატლანტიკური ოჯახის წევრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში რეგიონსა და მსოფლიოში.
საქართველოს წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციასთან დაკავშირებული კურსი რჩება ურყევი.

საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს ქართველი ხალხის მისწრაფებისა და არჩევანის რეალიზაციისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადასადგმელად. უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების ხარისხობრივი განვითარება საშუალებას აძლევს ქვეყანას, იმედით შეხედოს მომავალს. ევროპულ ოჯახში შემდგომი ინტეგრაცია არა მხოლოდ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, წარმატებით განახორციელოს საკუთარი ეროვნული პროექტი, არამედ დაეხმარება მას მსოფლიოს თავისუფალ და დემოკრატიულ ერებს შორის ადგილის დამკვიდრებაში", - ნათქვამია განცხადებაში.