მივესალმებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს ინტერესს ქვეყანაში ჩატარდეს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. კოალიცია „ქართული ოცნებისათვის“ მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა კანონდარღვევებზე, რასაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი, არამედ მაღალი პოლიტიკური სტანდარტების დამკვიდრებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს აძლევს საშუალებას, იმავდროულად იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 16 ივლისს აღნიშნული თანამდებობა დატოვა.
„კანონი მაძლევს იმის უფლებას, რომ დავრჩე თანამდებობაზე, მაგრამ ჩვენ სწორედ იმიტომ მოვედით ხელისუფლებაში, იმიტომ გვაქვს პრეტენზია ქვეყნის მართვის, რომ ახალი სტანდარტები და პოლიტიკური კულტურა დავნერგოთ.“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გარდა, ამისა პრეზიდენტობის კანდიდატმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატს თანაბარ პირობებში მოუწევს საარჩევნო კამპანიის წარმოება.
კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ქვეყნისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული ხელისუფლება, განსხვავებით წინამორბედისგან, არანაირი პირდაპირი თუ ირიბი გზით არ ეცდება წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით - „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მონაწილეს, ყველა კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი უფლებები, არცერთ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო რესურსები.“
სწორედ, ზემოაღნიშნული სტანდარტების დამკვიდრებას ემსახურება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში.
კოალიცია „ქართული ოცნება“ წარმოადგენს იმ ძალას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გამოუცხადა მხარდაჭერა. საარჩევნო კამპანია არ გასცდება კანონით დადგენილ თუ პოლიტიკური სტანდარტის ზღვარს, რომლის აღსრულებისთვისაც კოალიცია იბრძოდა და იბრძვის საქართველოს მოსახლეობასთან ერთად.