მიტჩელი:   აშშ-ს რეპუტაცია შეილახა, რადგან დამკვიდრდა მოსაზრება, რომ მხარს ვუჭერდით არა დემოკრატიას, არამედ - სააკაშვილს

მიტჩელი: აშშ-ს რეპუტაცია შეილახა, რადგან დამკვიდრდა მოსაზრება, რომ მხარს ვუჭერდით არა დემოკრატიას, არამედ - სააკაშვილს

"აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შანსები დაბალია; დაუშვებელია იმის მტკიცება, რომ შანსი საერთოდ არ არსებობს, თუმცა ის არც ისე დიდია და შესაძლოა იმაზე მცირეც კი, ვიდრე ექვსი წლის წინ იყო", - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის კათედრის დოცენტმა, ექსპერტმა საქართველოს საკითხებში, ლინკოლნ მიტჩელმა "ამერიკის ხმის" რუსულ სამსახურთან მიცემულ ინტერვიუში. 

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ომმა სააკაშვილის რეპუტაცია დასავლეთში უფრო შელახა, ვიდრე სამშობლოში.

"2008 წლის ომის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი იყო. თეთრი სახლიცა და სახელმწიფო დეპარტამენტიც სააკაშვილს აფრთხილებდნენ, არ დაეწყო საომარი მოქმედებები. თუმცა, მან ყური არ უგდო ამ გაფრთხილებებს და ლამის შეერთებული შტატებიც კი ჩაითრია რთულ სიტუაციაში. ყველაზე უარესი არ მოხდა, თუმცა ვაშინგტონში, იმ ადამიანებმა, ვინც სააკაშვილთან ერთად მოქმედებდა, კარგი გაკვეთილი მიიღეს. შედეგად, იმ ომის შემდეგ აშშ-მ შეწყვიტა საქართველოსთვის იარაღის მიწოდება", - აღნიშნა ლინკოლნ მიტჩელმა და დასძინა, რომ, მისი აზრით, ოქტომბრის არჩევნებში სააკაშვილის პარტიის მარცხის მიზეზი არა აგვისტოს ომი, არამედ არჩევნების წინ ციხის კადრების გამოქვეყნება და ქვეყნის ეკონომიკის არასტაბილურობა გახდა.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ლინკოლნ მიტჩელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გარკვევით ურჩევდა სააკაშვილს არ ჩართულიყო ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ომში, თუმცა ამერიკის ადმინისტრაციაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს გარკვეულ სიგნალებს უგზავნიდნენ და წინ სვლისკენ მოუწოდებდნენ.

"შესაძლოა, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ეს სიგნალები უფრო სერიოზულად მიიღეს, რადგან ეს სწორედ ის იყო, რისი გაგებაც მათ უნდოდათ. თუმცა, მე ასევე ვფიქრობ, რომ სააკაშვილს, სამწუხაროდ, შიდაპოლიტიკური მიზეზები ჰქონდა იმისთვის, რომ ჩართულიყო ამ კონფლიქტში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელი მდივანი, კონდოლიზა რაისი თავის იმდროინდელ ჩანაწერებში წერდა, რომ აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში მოქმედების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდნენ, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ომთან დაკავშირებით ვაშინგტონში განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა და დასძინა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ვაშინგტონში უფრო ფართო კონტაქტები ჰქონდა, ვიდრე ახლანდელ ხელისუფლებას აქვს.

მისივე თქმით, რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში ომის წამოწყების მთელ პასუხისმგებლობას სააკაშვილსა და მის რეჟიმს ვერ დააკისრებს.

"ჩემი აზრით, საქართველო რუსეთის ხელისუფლების აგრესიული ქმედებებით პროვოცირებული იყო. გარკვეული პასუხისმგებლობა მოსკოვსაც ეკისრება. ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთი საქართველოსთვის მუქარას წარმოადგენს და ხშირად ერევა ამ ქვეყნის საქმეებში. საქართველოს პრეზიდენტი მართალია, რომ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ბოროტ ზრახვებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების სათავეში მყოფებს უნდა ახსოვდეთ. როგორც ხელისუფლების ამჟამინდელ წარმომადგენლებთან პირადი საუბრებით ვიცი, ისინი აცნობიერებენ ამას და არ ცხოვრობენ ილუზიებით", - განაცხადა ექსპერტემა საქართველოს საკითხებში.

ლინკოლნ მიტჩელმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ტემპერამენტით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან.

"ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რუსულ-ქართული ურთიერთობები ერთდროულად შეიცვალა კიდეც და არ შეიცვალა. თუმცა, ჩემი აზრით, გაჩნდა დიალოგის შესაძლებლობა, რაც მანამდე არ ყოფილა. პრემიერ მინისტრი, ივანიშვილი მართავს ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რეინტეგრაციის აღდგენით. თბილისი დაინტერესებულია ამ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენით, რომელიც, მათი აზრით, ახლა მოსკოვის ხელთაა. იმისათვის, რომ პრემიერ მინისტრს სააკაშვილისგან განსხვავებული ტემპერამენტი აქვს, ეს სიტუცია არ შეცვლილა. თუმცა, ახლა მხარეებს ვაჭრობასა და ტურიზმზე დიალოგის წარმართვა მშვიდად და ყოველგვარი მუქარის გარეშე უწევთ, რაც მანამდე არ ყოფილა", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა. მისივე თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთხელ აღნიშნავდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი და მდიდარი მეზობელი ქეყნებიდან ტურისტების შემოდინება, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია. 

ლინკოლნ მიტჩელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს უნდოდა საქართველო დემოკრატიული ქვეყანა ყოფილიყო.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ აშშ, დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოში "სახელმწიფოებრივი მშენებლობით" იყო დაკავებული და სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდით სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. შედეგად, როცა საქართველოში ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა, ქვეყანაში არ აღმოჩნდა კონტროლისა და ბალანსის სისტემა. ჩვენ ასევე არ ვაქცევდით ყურადღებას დემოკრატიის პრობლემებს საქართველოში. დროთა განმავლობაში ასეთმა მიდგომამ აშშ-ს რეპუტაცია შელახა, რადგან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით არა დემოკრატიას, არამედ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.