საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა შავგულიძე გამოეხმაურა წერილს, რომელიც მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა კონსტიტუციური რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგმა ე.წ "ტრაქტორების საქმეზე" მიწერა: "თომას ჰამარბერგი ის პიროვნებაა, რომელიც არანაირ კომენტარს არ გააკეთებდა ფაქტების დეტალურად და საფუძვლიანად შესწავლის გარეშე. აქედან გამომდინარე, ბატონი ჰამარბერგის მიერ გაკეთებული განცხადების ჭეშმარიტებასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. შესაბამისად, სრულად ვიზიარებ მის ამ პოზიციას."
ხსენებულ წერილში თომას ჰამარბერგი ლაშა ნაცვლიშვილს წერს, რომ მისი წარმოდგენით სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ ე.წ. "ტრაქტორების საქმეზე" პატიმრობაში მყოფი ადამიანები, რადგან არ არსებობს არანაირი საფუძველი მათი დაკავებისა და რომ იგი ეთანხმება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალოგიურ დასკვნას ამ საქმის თაობაზე.
შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ საქმეში კითხვის ნიშნები ნამდვილად არის.
„თავად ის ფაქტი, რომ ეს საქმე საზოგადოების ასეთი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ ვუსმენდით ძალიან კვალიფიციური ადვოკატების განცხადებებს, რომლებიც საუბრობდნენ ბრალდების მხარის არასაკმარის და უსაფუძვლო მტკიცებულებებზე, რაც ნამდვილად საყურადღებოა.
ის, რომ პროკურატურამ თვითონ დააყენა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა და მათ უკვე მიმართეს სასამართლოს, რომ ორშაბათს, სასამართლო სხდომაზე იმ ორ ბრალდებულსაც შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება, რომლებიც პატიმრობაში რჩებიან, უკვე საინტერესოა. ეს ალბათ მიანიშნებს იმაზე, რომ თავად ბრალდებაც არ არის იმდენად დასაბუთებული და რეალური.
პროკურატურის ქმედებები რომელიც მედიაში შუქდებოდა და მე ამ ყველაფერს თვალყურს ყურადღებით ვადევნებდი, აშკარად აჩენდა კითხვის ნიშნებს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, თუ როგორ აიცილა ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ ისეთი კვალიფიციური და გამოცდილი ადვოკატი, რომლის კომპეტენციაში ეჭვი არავის ეპარება. ეს ყველაფერი ძალიან წააგავდა ფოტორეპორტიორების საქმეს, სადაც ზუსტად ასეთივე ფორმით მოხდა ადვოკატის აცილება.
ის კითხვის ნიშნები რაც ე.წ. "ტრაქტორების" საქმეს ახლდა, როგორც ჩანს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბატონი ჰამარბერგისთვისაც. ის ძალიან გამოცდილი სპეციალისტია და მისი კომპეტენციის შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მე ჩემი კომპეტენცია უფრო ვრცელი განცხადების გაკეთების საშუალებას არ მაძლევს, თუმცა ვადასტურებ, რომ ამ საქმეში კითხვის ნიშნები არის.“