პროფესორთა ლიგის განცხადება

პროფესორთა ლიგის განცხადება

ა.წ. 28 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ საავტორო პროგრამაში „მონიტორი“ სატელევიზიო სიუჟეტი მთლიანად მიეძღვნა ძალზე საყურადღებო და მეტად აღმაშფოთებელ მოვლენას. საქმე ეხება პროკურატურის აგენტ-პროვოკატორის, აზერბაიჯანელი რუსლან მამედოვის მიერ ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული რაიონებისა და სოფლის გამგებლების დაპატიმრებას ე.წ. „ქრთამის აღების“  ბრალდებით. ათზე მეტი დაპატიმრებული გამგებლიდან (სხვადასხვა რაიონში) ყველგან მთავარ მოწმედ გამოყვანილია სწორედ რუსლან მამედოვი, რომელიც სრულიადაც არ არის დაზარალებული, არამედ გამგებლებთან სპეციალურად, პროვოკაციის მიზნით მიგზავნილი აგენტი, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის წინა მთავრობის დროს ეწეოდა ანალოგიურ საქმიანობას და ახლა ახალი ხელისუფლების ხელშიც გააგრძელა იგივე. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემაში მოკალათებული ზოგიერთი ძველი ნაციონალის მიერ გენერალური პროკურორის და ახალი ხელისუფლების კომპრომეტირებას, მათთვის ძირის გამოთხრას.

პროფესორთა ლიგა კატეგორიულად მოითხოვს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ქარელის ყოფილი გამგებლის ვანო ოსაძის (რომელსაც უკვე მიუსაჯეს 2 წელი ციხე და 20   ათასი ლარის გადახდა ) და ასეთი გზით ბრალდებული პირების საქმეების ხელახლა შესწავლას და მათ  მიმართ ობიექტური სასამართლო პროცესის ჩატარების უზრუნველყოფას, ასევე იმ პირის (თუ პირების) სანიმუშოდ დასჯას, ვინც ამ მამედოვს ავალებდა ასეთი პროვოკაციების მოწყობას და ფარული კამერით გადაღებას. ეს არის საზარელი მოვლენა და საჭიროა მისი შედეგების დაუყოვნებლივ აღმოფხვრა, ასევე საკადრო წმენდა პროკურატურაში.