პოლონური რადიოს „Polskie Radio“-ს ინგლისურენოვანმა რედაქციამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია, რომ პარასკევს, ვარშავაში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მადლიერება გამოხატა პოლონეთის მიმართ მისი ქვეყნის ძალისხმევის მხარდაჭერისათვის ევროკავშირსა და ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციიასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი პოლონელი პარტნიორის პოზიციას, რომელიც გამოიხატება ევროკავშირსა და ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის მხარდაჭერაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე. ამ შეხვედრას კი, თავის მხრივ, წინ უძღოდა ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებები ვილნიუსში (ლიტვა).
შვედეთთან ერთად პოლონეთი ხელმძღვანელობს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას, რომლის მიზანიცაა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დაახლოება დასვლურ სტრუქტურებთან.
„არსებობს ისტორიული კავშირები ჩვენს ორ ქვაყანას შორის, რაც წარმოადგენს კიდეც თანამშრომლობის კარგ საფუძველს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და დაამატა, რომ დონალდ ტუსკთან ერთად განიხილა პოლონეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი.
საქართველოს ხელისუფლებამ ახლახანს მოიწონა ევროკავშირის შეთავაზება იმის შესახებ, რომ ნებისმიერი პაქტი საქართველოსთან პოლიტიკური ასოცირებისა თუ ვაჭრობის შესახებ ამიერიდან უნდა მიეწოდოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებსაც.
რუსეთი მხარს უჭერს ამ სეპარატისტულ რეგიონებს და იქ საკუთარი სამხედრო ქვედანაყოფებიც განათავსა. პრემიერ–მინისტრ ტუსკის განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლება პატივისცემით ეპყრობა საქართველოს მცდელობას, შეინარჩუნოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, და მიესალმება „ჩვენი ქართველი მეგობრების მტკიცე, მაგრამ პასუხისმგებელ პოზიციას“ რუსეთთან ურთიერთობებში.
„საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა ტუსკმა.