პრემიერ-მინისტრი: „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოს წარმატებაში“

პრემიერ-მინისტრი: „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოს წარმატებაში“

ვილნიუსში გაიმართა შეხვედრა ლიტვის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის, რომელზეც განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი, ასევე საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ვიზების ლიბერალიზაცია. „საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი ჩვენ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და კომერციული კავშირების განსამტკიცებლად. ჩვენთვის მისასალმებელი იქნებოდა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში. საქართველოს მონაწილეობა პროექტში „ვიკინგი“, რომელიც ითვალისწინებს კონტეინერებით დატვირთული მატარებლების უზრუნველყოფას, გახსნიდა ახალ შესაძლებლობებს ბალტიის, შავი და კასპიის ზღვებს შორის მრავალკომპონენტიანი ტრანსპორტირების განვითარებისათვის“, - განაცხადა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა.

პრემიერ-მინისტრებმა ასევე გამოთქვეს კმაყოფილება უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის, ასევე ლიტვაში მოსწავლე საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობის გამო. მათ ასევე აღნიშნეს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში.

ლიტვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის თანახმად, უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ რეფორმების გაგრძელება, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად. ასევე მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრის აზრით, რომ პოლიტიკური ნება იყოს ერთ-ერთი საკვანძო კრიტერიუმი ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა მადლიერება ლიტვის მიმართ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.

ლიტვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმატება ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე შედის ლიტვის ინტერესებში. ლიტვა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა განხორციელდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ვილნიუსში, ა.წ. ნოემბერში.

გარდა ამისა, ლიტვის მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა დემოკრატიისაკენ, ეძებოს დიალოგის გზები ოპოზიციასთან, უზრუნველყოს რეფორმების მდგრადი გატარება და დაუყოვნებლივ მიიღოს აუცილებელი კანონები მიგრაციის, დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და იურისპრუდენციის სფეროებში.

http://www.eu2013.lt/en/news/pressreleases/prime-minister-we-are-interested-in-georgias-success