"საქართველო-სომხეთის ურთიერთობები მთავრობის პრიორიტეტია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონალური უსაფრთხოებისთვის"

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო-სომხეთის ურთიერთობები მთავრობის პრიორიტეტია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონალური უსაფრთხოებისთვის.

ამის შესახებ ალასანიამ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სეირან ოჰანიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე მინდა, სომხეთის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადავუხადო, რომ ის დათანხმდა ჩემს მოწვევას. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ის ისტორიული, მეგობრული და ძმური ურთიერთობები, რომელიც ქართველ და სომეხ ხალხს აკავშირებს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ გეგმით განსაზღვრული ორმხრივი თანამშრომლობის სტადია და შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა ზუსტად განსაზღვრული გეგმით მიდის, რომელიც 2013 წელს დავსახეთ და ვისაუბრეთ ასევე იმ პრიორიტეტებზე, რაც ჩვენს ურთიერთობებში იქნება 2014 წლისთვის. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ორმხრივი ურთიერთობები სომხეთსა და საქართველოს შორის არის პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მთავრობისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონალური უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ალასანიამ.