არჩილ კბილაშვილმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

არჩილ კბილაშვილმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში შეხვედრები გამართა. 

არჩილ კბილაშვილი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საკითხთა ოფისის წარმომადგენელს მარკუს ბუშს, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეგიონალურ და ევრაზიის დირექტორებს - ფეი ერანშტამსა და ქეთრინ ნიუკომბს შეხვდა.

ვიზიტის პირველ სამუშაო დღეს, მთავარმა პროკურორმა დელეგაციის სხვა წევრებთან, უმრავლესობის წარმომადგენლებთან - ირაკლი ჩიქოვანთან და დავით ონოფრიშვილთან ერთად, შეხვედრა გამართა ასევე კონგრესმენ სტივ შაბოთთან ოჰაიოს შტატიდან.

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, შეხვედრებისას საუბარი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს შეეხო.

"ბუნებრივია, მე, როგორც მთავარმა პროკურორმა, ვისუაბრე ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე, იმ მნიშვნელოვან ტენდენციებსა და რეფორმებზე, რაც ამ სფეროში ხორციელდება. მათი მხრიდან არსებობს თანამშრომლობის დიდი სურვილი და პარტნიორული ურთიერთობის განგრძობითობის მზაობა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრებზე კონკრეტული დაკავების საქმეებსა და სპეციფიკურ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, ამერიკელი პარტნიორები უფრო მეტად დაინტერესდნენ სამართლებრივ სფეროში არსებული ზოგადი მდგომარეობით, მიდგომებითა და ტენდენციებით.

"ჩვენ მზად ვართ, თუკი სპეციფიური შკითხვები იქნება, პასუხი გავცეთ", -დასძინა კბილაშვილმა.

უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია იმით, რომ ამერიკელ პარტნიორებს პირველწყაროდან მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

"ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში, კონგრესში, როგორც ზედა ისე ქვედა პალატაში, არის ბევრი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ბედით და თვალს ადევნებენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენი მიზანია, რომ ისინი სრულად და სწორად იყვნენ ინფორმირებულები საქართველოში არსებული ვითარებით, თუ რა პროცესები მიდის ქვეყანაში, რა რეფორმები გატარდა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელსიუფლების დონეზე"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა კონგრესმენ სტივ შაბოთთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 16 ივლისს დაიწყო და რამენიმე დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ ამერიკის კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში, ასევე ადგილობრივი მედიისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.