"ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო პერსონალის სახელფასო პოლიტიკაში სამწუხაროდ, ვერ ერევა"

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, "ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო პერსონალის სახელფასო პოლიტიკაში სამწუხაროდ, ვერ ერევა".

ამის შესახებ სერგეენკომ ჭიათურის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მიერ ხელფასების სიმცირის გამო გამოთქმული პროტესტის კომოენტირებისას განაცხადა. 

"პროტესტის გამოხატვა ნებისმიერი ადამიანის უზენაესი უფლებაა, ოღონდ სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში აქაა ერთი ფაქტორი, რომ არ შეწყდეს გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, სხვა შემთხვევაში ეს უკვე კანონდარღვევაა. კარგი იქნება, თუ ამ კითხვას კერძო სადაზღვევო ინდუსტრიებსაც დაუსვამდით, სადაც მე გაუთავებელი პრეტენზიები მესმის, რომ ჩვენ ვახრჩობთ და ვძირავთ. ჭიათურის თემას მე კარგად ვიცნობ, რადგან წლების განმავლობაში საჩხერეში ვმუშაობდი და ეს ერთი არეალია, სხვაობა მხოლოდ 15 კილომეტრია. ვარწმუნებ ჭიათურის მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთლეობას საფრთხე არ შექმნებათ, რადგან 15 კილომეტრში დგას უმძლავრესი ინფრასტრუქტურის სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც შეუძლია, რომ ნებისმიერი მასშტაბის დარტყმა, ნაკადი მიიღოს. კარგია, რომ ჭიათურაში მძლავრი სამედიცინო დაწესებულება იყოს და ეს დიდი ალბათობით ასეც მოხდება, თუმცა იქამდე მოსახლეობის ჯამრთლეობას საფრთხე არ შეექმნება", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, "კერძოდ სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა უკვე დაწყებულია და უკვე თითქმის ფინალურ ფაზაშია".

"ეს ფაზა თავისი შინაარსით მოიცავს უკვე ახლადჩამოყალიბებული სამსახურის - სადაზღვევო კომპანიებზე ზედამხედველობის ცალკე გამოყოფილი სტრუქტურის მიერ თითოეული კომპანიის მათ სურვილის შემთხვევაში ინდივიდუალურ შესწავლას და ფინანსური პრობლემის არსებობს შემთხვევაში სახელმწიფოსგან რესტრუქტურიზაციის სახით გარკვეულ მხარდაჭერას ითვალისწინებს. რაც შეეხება სახელფასო პოლიტიკას, მე ერთის მხრივ, გული მტკივა, როცა საუბრობენ, რომ ეს ის ჯანდაცვის მინისტრია, რომელიც ექიმებს ხელფასებს ვერ ურიგებს? ასეთი რამ ჩემი თვალით წავიკითხე. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს ხელფასებს არ ურიგებს. ვერ ჩავერევით. ჩვენ უნდა შევცვალოთ და ვცვლით ზოგადად პოლიტიკას, რომელიც ექიმს დაცულს გახდის. მე მოკლებული ვარ ლეგალურ და არალეგალურ შესაძლებლობებს, რომ დავურეკო და შევხვდე რომელიმე კომპანიის დირექტორს და ვუთხრა, თუ რატომ მიეცი ექიმს 150 ლარი და არა 1500 ლარი", - განაცხადა სერგეენკომ.