საზოგადოება თავის დროზე მიიღებს უფრო მეტად აწყობილ მართლმსაჯულების მანქანას, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კბილაშვილი გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას, რომელიც 2014 წლისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ამოქმედების გადავადებას გულისხმობს, რომელიც მოწმეთა დაკითხვას მხოლოდ სასამართლო პროცესზე, საჯაროდ ითვალისწინებს. მთავარი პროკურორი აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის არსს იზიარებს.
"მოწმეთა დაკითხვა უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული - სასამართლოში. საუბარია, რომ წესის ამოქმედებამ არ გამოიწვიოს სისტემის ხელშეშლა, რაც ნიშნავს, რომ სათანადო გამოცდილების, მომზადების, ტრენინგის არ არსებობის პირობებში, შეიძლება მართლმსაჯულების პროცესი შეფერხდეს. გადავადება ემსახურება ამ მიზანს და არა იდეას. რა თქმა უნდა,
ვიზიარებ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის არსს, რომ ამ ეტაპზე, როცა ვერ მოხერხდა პროკურორთა და გამომძიებელთა მომზადება, გადავადების ობიექტური აუცილებლობა არსებობს. ეს არის დროებითი ღონისძიება და საზოგადოება თავის დროზე მიიღებს უფრო გამზადებულ, უფრო მეტად აწყობილ მართლმსაჯულების მანქანას, როცა ამოქმედდება ეს წესი", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.