უმრავლესობას ვთხოვე, ოპოზიციასთან დაკავშირებით უხეში გამონათქვამებისგან მაქსიმალურად შეიკავოს თავი

უმრავლესობას ვთხოვე, ოპოზიციასთან დაკავშირებით უხეში გამონათქვამებისგან მაქსიმალურად შეიკავოს თავი

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციასთან დაკავშირებით "უხეში გამონათქვამებისგან" თავის შეკავებასაც სთხოვს. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, როგორმე უნდა მოხერხდეს და ჩაცხრეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული მუხტი, რომელიც ხელჩართულ ბრძოლას ჰგავს.

"მე ვთხოვე უმრავლესობას, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი უხეში გამონათქვამებისგან ოპოზიციასთან დაკავშირებით, რომ როგორმე მოვახერხოთ და ჩაცხრეს ურმავლესობასა და უმცირესობას შორის ის დიდი მუხტი, რომელიც ხელჩართულ ბრძოლას ჰგავს. მე მათ ვთხოვე, რომ რამდენადაც უმრავლესობაში არიან, თავად გადადგან ამისკენ პირველი ნაბიჯი და მოახერხონ, რომ ვნებათაღელვა ჩაცხრეს და ურთიერთობა პოზიტივში გადაიყვანონ", - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს ერთი ქვეყანა აქვთ.

"მე მათ ვუთხარი- ნუ გვავიწყდება, რომ ერთი ქვეყანა გვაქვს-თქო. ენერგია არა ერთმანეთთან კინკლაობაში უნდა დავხარჯოთ, არამედ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაზე გადავიტანოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერმა საკუთარი გუნდის წევრებს დღეს სასამართლოზე გავლენის მქონე განცხადებებისგან თავის შეკავებისკენაც მოუწოდა.