სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით. საკურორტო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, გაძლიერებულია კონტროლი საკურორტო ზონებში. სააგენტოს უფლებამოსილი მოხელეები გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებენ ვადაგასული და საკვებად უვარგისი სურსათის გამოსავლენად. აკრედიტებულ ლაბორატორიებში 2013 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების სურსათის (მ/შ სასმელი წყლის) 157 ნიმუში/სინჯი, დარღვევა გამოვლინდა 43 ნიმუშში, რაზეც განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრული ქმედებები.
ქვეყნის მასშტაბით ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე ხორცისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი-დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა 604 სარეალიზაციო ობიექტში.
ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო 300 ლარით დაჯარიმდა 88 ფიზიკური და იურიდიული პირი (გასულ წელს ანალოგიური დარღვევისთვის დაჯარიმდა სულ 15 პირი).
ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციის გამო 1000 ლარით დაჯარიმდა 61 ბიზნესოპერატორი (2012 წელს მსგავსი დარღვევისათვის მთელი წლის განმავლობაში სულ დაჯარიმდა25 ბიზნესოპერატორი).
გამოვლინდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის 379 ფაქტი (გასულ წელს მსგავსი კონტროლი არ განხორციელებულა).
2013 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის მიერ, პირველად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული მოთხოვნების ფარგლებში, ევრორეგულაციის EC 2073/2005 „მიკრობიოლოგიური კრიტერიუმები სურსათისათვის“ შესაბამისად ხორციელდება სურსათში Listeria monocytogenes-ს ლაბორატორიული კვლევა.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაანადგურეს 55 442 კგ. მყარი სურსათი; 8 257 ლ. თხევადი სურსათი; 12 160 კგ. ხორცი და ხორცპროდუქტები (მათ შორის 5 ტონაზე მეტი ცხენის ხორცი); 650 000 ცალზე მეტი სასურსათო კვერცხი.
მიმდინარე წლის 10 ივნისიდან დღემდე ვეტერინარული კონტროლი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელდა 21 საწარმოში (სასურსათო კვერცხისა და კვერცხის ფხვნილის, ქათმის გაყინული ხორცისა და ხორცპროდუქტების, კამეჩის გაყინული ხორცის იმპორტის განხორციელების მიზნით).
2013 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით გეგმური ინსპექტირება განხორციელდა 365 საწარმოში.
კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა 2 ბიზნესოპერატორთან. კერძოდ, საკონდიტროსა და აგრარულ ბაზარში. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, საწარმოო პროცესი შეუჩერდა შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და ზემოაღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ათას-ათასი ლარით.
არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა 110 საწარმოში. კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა 3 ბიზნესოპერატორთან, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. საწარმოო პროცესის შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ და ზემოაღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ათას–ათასი ლარით.
2012 წლის განმავლობაში სულ ინსპექტირებული იყო 11 ბაგა-ბაღის სასადილო, 2013 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში კი - 87.
2012 წლის განმავლობაში განხორციელდა 504 ინსპექტირება. დაჯარიმდა 27 ბიზნესოპერატორი. 2013 წლის ორი კვარტლის განმავლობაში განხორციელდა 836 ინსპექტირება. დაჯარიმდა136 ბიზნესოპერატორი.
2013 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ცხოველთა დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობით განხორციელდა ცხოველთა 72 სასაკლაოზე:
ზედამხედველობის ქვეშ დაიკლა 53 981 სული, მათ შორის: 47 538 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (საშუალოდ 5,704 ათასი ტ. ხორცი); 159 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი; 6 284 ღორი (საშუალოდ 565 ტ. ხორცი)
2012 წელს საქართველოში მოქმედებდა ცხოველთა 38 სასაკლაო. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედ სასაკლაოებზე სულ დაიკლა 83 073 ცხოველი (ყველა სახის), აქედან წლის პირველ ნახევარში დაიკლა 35 877 სული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სასაკლაოებზე დაკვლების რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად დიდია მოსახლეობის ინტერესი ნაყინის მიმართ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოიკვლია ქართული წარმოების ნაყინის 9 ნიმუში და დარღვევა ჯერჯერობით არ გამოვლენილა.სხვადასხვა წარმოების ნაყინის კვლევა დღესაც გრძელდება.