რუსთავში ბავშვების ჯგუფურ მოწამვლასთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება

რუსთავში ბავშვების ჯგუფურ მოწამვლასთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის ივნისში სურსათის ეროვნულ სააგენტოს მოაწოდა ზეპირი ინფორმაცია რუსთავის სკოლის მოსწავლეთა მასობრივი მოწამვლის შესახებ. დასახელდა სავარაუდო სურსათი - ხორციანი ბლინი, რომლის ფარში დამზადებული იყო დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ შეძენილი გაყინული ღორის ხორცისაგან.

23-24 ივნისს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სარეალიზაციო პუნქტიდან და ოჯახიდან, სადაც ბლინები დამზადდა, აიღო გაყინული ხორცის ნიმუში. ნიმუშების კვლევა მოხდა ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში. არც სარეალიზაციო პუნქტში და არც ხორცის დასამუშავებელ ინვენტარზე (კუნძი, ნაჯახი) სალმონელა არ აღმოჩნდა.

სპეციალისტების განმარტებით, დაბინძურება, შესაძლოა, გამოეწვია სურსათის დამზადების წესების დარღვევას, მწვანილს ან ბლინის სხვა ინგრედიენტს.
მოკვლევა კვლავ გრძელდება და შედეგები ეცნობება საზოგადოებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, რომლებიც დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორინგს ახორციელებდნენ, გამოავლინეს დაურეგისტრირებელი რეალიზატორები, რომლებიც დაჯარიმდნენ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად.