„ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობა დღეს ახალ ეტაპზე გადავიდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, როცა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
„ეს გახლავთ ისტორიული მომენტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. დღეიდან ჩვენი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიდა, რაც უზრუნველყოფს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გარდაუვალობას“ დასძინა მან.
„საქართველოს მთავრობის მთავარ მიზნებს წარმოადგენს კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველყოფა, რომლის ქვაკუთხედსაც ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს“ განაცხადა მან.
მიმდინარე წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და პრემიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი „ეს არჩევნები დაამტკიცებს საქართველოს პროგრესს დემოკრატიის მშენებლობის სფეროში ახალი ხელისუფლების მმართველობისას“.
ივანიშვილმა მოიწვია არჩევნების დამკვირვებლები, რომ დაკვირვებოდნენ და შეემოწმებინათ არჩევნების პროცესი. „მომავალმა არჩევნებმა მკაფიოდ უნდა აჩვენოს ის ფუნდამენტალური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში ხდება“ ბრძანა ბ-ნ ივანიშვილმა ეროვნულ ტელეარხზე. პრემიერის თქმით „არჩევნები იქნება სამაგალითო, სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი, როგორც ეს შეეფერება ევროპული პრინციპების მიმდევარ სახელმწიფოს“.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატებს „ჩართონ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი არჩევნების მონიტორინგის პროცესში რაც შეიძლება მოკლე პერიოდში და დროულად უზრუნველყონ თავიანთი კომენტარებისა და რეკომენდაციების მოწოდება“. მთავრობამ ამ კვირას დამკვირვებლებს მოსაწვევები გაუგზავნა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს“,- განაცხადა მან „ხოლო არჩევნებში დამარცხებულები კი დარწმუნებულები იქნებიან იმაში, რომ სამართლიან ბრძოლაში დამარცხებითაც მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში”.
http://www.neurope.eu/article/georgia-sign-association-agreement-eu