მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა "ცენტრ პოინტისა" და "დექსუსის" დამფუძნებლების დაკითხვაზე განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა "ცენტრ პოინტისა" და "დექსუსის" დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენების დაკითხვაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უწყება ცენტრ პოინტ ჯგუფის" მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე გამოძიებას უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მთავარი პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებს გამოძიებას "ცენტრ პოინტ ჯგუფის" მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე. გამოძიებით დადგინდა ამხანაგობა "თაბუკშვილი 88"-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების უკანონო დასაკუთრების სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემები, რაშიც იმხილებიან რუსუდან კერვალიშვილი ("ცენტრ პოინტ ჯგუფი"-ს დამფუძნებელი, 50% წილის მფლობელი), მაია რჩეულიშვილი, ("ცენტრ პოინტ ჯგუფი"-ს დამფუძნებელი, 50% წილის მფლობელი) და ივანე ცაგურია, (კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი, 33% წილის მფლობელი).

ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88" ის წევრების მიერ 2004-2009 წლებში ამავე ამხანაგობის წევრების ბინათმშენებლობისათვის მოზიდულ იქნა 27.701.299,13 აშშ დოლარი, მათ შორის უშუალოდ მენაშენეების შენატანები შეადგენდა 23. 380.000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

მენაშენეთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს დამფუძნებელთა მიერ წინასწარ შეთანხმებული და სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მართლსაწინააღმდეგო დასაკუთრების გამო შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება და მშენებლობის დასრულება.

ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის პროექტიდან სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მაია რჩეულიშვილმა ამავე ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1.065.159 აშშ დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა ამავე ამხანაგობის საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1.833.806 აშშ დოლარი და 185.069 ფუნტი სტერლინგი, ხოლო მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს - 2.023.202 აშშ დოლარი და 2.403.750 ლარი;

ჯამში, "ამხანაგობა 88"-ის მენაშენეთა მიერ გადახდილი თანხებიდან, რაც განკუთვნლი იყო ამხანაგობის ბინათმშენებლობისათვის (რომელიც უნდა დასრულებულიყო 2007 წელს), მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ, სხვადახვა გზებით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი, რის გამოც შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა.

რუსუდან კერვალიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).
მაია რჩეულიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით);180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).
ივანე ცაგურიას წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 ,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (დახმარება თაღლითობაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).

გამოძიების მოთხოვნით დაყადაღებულია "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების არაერთი უძრავი ქონება, ასევე შპს "დექსუსი"-ს და მასთან დაკავშირებული კომპანიის შპს "ალიანს კაპიტალი"-ს საკუთრებაში რიცხული არაერთი უძრავი ქონება. გამოძიება გრძელდება", - ნათქვაია პროკურატურის განცხადებაში.