მონიტორინგის კომიტეტი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნით შეშფოთებულია

მონიტორინგის კომიტეტი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნით შეშფოთებულია

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნით შეშფოთებულია.

კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სახელით განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ ლარს ო. მოლინმა თბილისში გამართული სხდომის შემდეგ გააკეთა.

"ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მიმართ საქმეების აღძვრა დღეს არის ჩვენი კომიტეტის ღრმა შეშფოთების მიზეზია", - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ,,აღძრულ საქმეთა რაოდენობა, მათი წარმოების ფორმა, საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვებზე მრავალგზის გამოძახება ადგილობრივი ხელისუფლების ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს’’.

რამდენადაც სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, კომიტეტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადგილობრივი თვითმმართველობების პოლიტიკოსების უფლებებს.

ამასთან, კონგრესი საქართველოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიცირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების მონოტირინგს აწარმოებს. შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაცია 2013 წლის მარტის სესიაზე მომზადდა. მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს ადგილობრივ დემოკრატიასთან დაკავშირებული რეფორმის მოცულობა.

"ამ კუთხით, კონგრესი მზად არის, მონიტორინგის შემდგომი პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს, რათა ყველა მონაწილე მხარესთან ერთად 2013 წლის მარტში მის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულების პირობები განიხილოს. მთავრობის წარმომადგენლებმა ამ მხრივ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვეს, რაც დადებთი ნიშანია", - განაცხადა ლარს ო. მოლინმა.