ლიბერთი ბანკმა და პირველმა Start-up ინკუბატორმა საქართველოში - Smartex-მა ღია ცის ქვეშ ბარ „Vitamin“-ში Digital Summer 2013-ს უმასპინძლეს. ბანკმა თავის კლიენტებს, პარტნიორებს და მედიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გასული წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების, მიღწევების და სიახლეების შესახებ.
2013 წლის დასაწყისში დაინერგა 6 ახალი პროდუქტი და მომსახურება; აეწყო საქმიანი ურთიერთობები პარტნიორებთან მეზობელ ქვეყნებში და განხორციელდა ერთი ახალი ინვესტიცია საქართველოში და სამი - ევროპასა და აშშ-ში.
Digital Summer-ზე კიდევ ერთხელ საუკეთესოდ გამოჩნდა, რომ ლიბერთი ბანკი ალბათ ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც მაღალი ინოვაციურობით გამოირჩევა. თუ ბაზარზე მოქმედი დანარჩენი ბანკების უმრავლესობა კარგად გამოცდილ, ტრადიციულ სერვისებს ნერგავს და განვითარების ისეთ გზას ირჩევს, რომელიც ნაკლებ რისკს შეიცავს, ლიბერთი ბანკი არ ერიდება, დამოუკიდებლად შეიმუშავოს და დანერგოს სერვისები.
ასეთებია ელექტრონული საფულე eMoney, რომელმაც უკვე ააწყო სისტემა მსგავს სომხურ iDram-თან და ორი ქვეყნის კუპიურების კონვერტირება მარტივად არის შესაძლებელი. ასევე 480 000 Pay ბარათი, რომლებიც პარტნიორმა კომპანიებმა შეიძლება თავიანთი ბრენდინგით შეუკვეთონ და დამატებითი სერვისებითაც ისარგებლონ.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ლიბერთი ბანკის ინოვაციურობას უსვამს ხაზს ჩინური Union Pay და ევროპული Pay Fair სისტემებში ჩართულობაა. ლიბერთი ბანკს უკვე აქვს ევროპული ბარათების ბეჭდვის ლიცენზია, ხოლო ჩინურ სისტემაში ამ ეტაპზე ბანკომატებით უკვე ჩართულია. პარალელურად ლიბერთი ბანკს გამოშვებული აქვს 1.7 მილიონი VISA/MasterCard ბარათები.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მაგალითად Transferwise-მა, რომლის წარმომადგენელიც სკაიპიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ღონისძიებაზე ყველა დამსწრის თვალწინ მოახდინა ელექტრონული გადმორიცხვის სწრაფი სერვისის დემონსტრირება, თვითონ შესთავაზა ლიბერთი ბანკს და Smartex ჯგუფს თანამშრომლობა. კონკურენცია მაღალი იყო.
„ის, რომ Smartex-ს იწვევენ PayPal-ის დამფუძნებელ და Facebook-ის პირველ ინვესტორ კომპანიებთან ერთად, ალბათ სწორედ მის წარმატებაზე მიუთითებს“, - აღნიშნა ლადო გურგენიძემ.
ლიბერთი ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ონლაინ მომსახურების განვითარებასაც. მაგალითად, იმისთვის რომ სესხი მიიღოთ, შეგიძლიათ საერთოდ არ მიხვიდეთ ბანკში და სახლიდან გაუსვლელად შეავსოთ მარტივი ელექტრონული ფორმა. საინტერესოა ისიც, რომ ელექტრონულად შეგიძლიათ მიიღოთ არა მხოლოდ სამომხმარებლო სესხი, არამედ ისარგებლოთ ონლაინ-განვადებითაც - ეს საქართველოში პირველი ასეთი სისტემაა, როცა სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ საბანკო განვადებით პროდუქტი შეიძინოთ.
გარდა ამისა, ლიბერთი ბანკი თავის კლიენტებს და პარტნიორებს საქართველოში ერთადერთ დემოკრატიული ტიპის მობილურ ბანკინგს SmartPay სთავაზობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას, ვინც მაგთის ქსელშია ჩართული, შეუძლია გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, გადარიცხოს თანხები, განახორციელოს ნებისმიერი საბანკო ოპერაცია და ეს ყველაფერი უახლესი სმარტფონის გარეშე. ლიბერთი ბანკის დახმარებით, ყველა ამ ოპერაციას 7-8 წლის წინანდელი მობილურიც წარმატებით გაართმევს თავს.
სულ მალე ლიბერთი ბანკი ბოლომდე გამართავს Facebook-ში ჩაშენებულ PayStore ბეტა ვერსიას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება როგორც პროდუქციის ატვირთვა, ისე ფულის გადახდაც და მიღებაც.