ქართული დინება: საით მიდის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა IBTimes (International Business Times) უმბერტო ბაკის სტატიას საქართველოზე.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე საქართველო ხელისულებისთვის ბრძოლაში ჩაერთო და დასავლეთსა და რუსეთს შორის იხლიჩება.
"როცა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში პოლიტიკური ოპონენტების შესახებ ხელნაწერი ფაილები, გაუპატიურებისა და წამების ამსახველი ვიდეოები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ჰეროინი აღმოაჩინეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იარაღის საიდუმლო სამალავი სააკაშვილის მთავრობის ძალადობრივი პოლიციური რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურებს ეკუთვნოდათ", - წერს უმბერტო ბაკი და დასძენს, რომ ხელისუფლებამ კონკრეტულად ერთი ადამიანისკენ – ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრსა და სააკაშვილის უახლოეს მოკავშირე ვანო მერაბიშვილისკენ მიუთითა.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მერაბიშვილი უკვე გისოსებს მიღმაა, მაგრამ სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღის საიდუმლო სამალავი მის წინააღმდეგ დამატებითი ბრალდებაა.
"ამ ბრალდებებს, ძირითადად, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. მერაბიშვილი, რომელიც ერთ დროს საქართველოში რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი ფუგურა იყო, ერთ-ერთია იმ ათეულობით მაღალჩინოსანს შორის, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს", - აღნიშნავს ბრიტანული გამოცემის ავტორი და დასძენს, რომ ოქტომბერში გამართული არჩევნების შედეგებმა დაძაბული დაპირისპირება წარმოშვა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი უარს აცხადებს ოპონენტებთან საუბარზე, თუმცა მისი ხისტი პოზიცია, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და ხელისუფლების ბინძური განაწესი, საფრთხეს უქმნის სააკაშვილის მთავარ მემკვიდრეობას - თბილისის დასავლეთისკენ სვლის გამყარებას.
სტატიის ავტორი წერს, რომ სააკაშვილის მმართველობისას ქვეყანა საგრძნობლად განვითარდა – აშენდა მრავალსართულიანი სასტუმროები, თანამედროვე შენობები, განახლებული ბათუმი იზიდავდა უამრავ ტურისტსა და უცხოელ ინვესტორებს, მათ შორის იყო ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი. იგი თავად სტუმრობდა ბათუმს, სადაც "ტრამპ თაუერი" უნდა აეშენებინა. საქართველო ასევე დაწინაურდა მსოფლიო ბანკის რეიტინგში.
"თუმცა, მიუხედავად ახალი ინვესტიციებისა და სამშენებლო ბუმისა, ბევრი ქართველი საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას ვერ გრძნობდა. ქვეყნის გადასავლურებასთან და სურვილთან - "საქართველო შვეიცარიად ექცია სინგაპურის ელემენტებით" ერთად, სააკაშვილს ავტორიტარიზმში ადანაშაულებდნენ, მის მიმართ კრიტიკამ იმატა, მის მხარდამჭერთა შორისაც კი", - წერს უმბერტო ბროკი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, მიუხედავად ასეთი რეპუტაციისა, სააკაშვილმა არჩევნებში მარცხი სწრაფად აღიარა, ივანიშვილის ხელისუფლაში მოსვლიდან პირველ რვა თვეში მომხდარმა ეპიზოდებმა დასავლელი დამკვირვებლების მხრიდან მის მიმართ შეშფოთება გაზარდა.
"საქართველოს მმართველი კოალიცია "ქართული ოცნების" მრავალფეროვანი შემადგენლობა, რომელთა შორის არიან ისეთები, ვისაც შევარდნაძის პოსტ-საბჭოთა ერის ნოსტალგია აქვთ, ივანიშვილს დიდ ფორას აძლევს, თუმცა კოალიცია ასევე გამოირჩევა პოლიტიკური კოორდინაციის პრობლემებითა და ხშირად სუსტი მმართველობითაც", - წერს უმბერტო ბროკი და დასძენს, რომ ქვეყანაში, სადაც მძღოლები ეკლესიისთან ყოველი გასვლისას პირჯვარს იწერენ, შეუძლებელია, არ აღნიშნო ამ ინსტიტუციის ძალა.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მერაბიშვილის დაკავებას დასავლეთთან ურთიერთობების გაციება მოჰყვა და ივანიშვილის საარჩევნო დანაპირებას – ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიზნის შენარჩუნებას კიდევ ერთი ჩრდილი მიადგა.
"თუმცა, ივანიშვილმა უარყო სააკაშვილისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ დევნა, მაგრამ აღნიშნა, რომ პოსტის დატოვების შემდეგ, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტიც დააკავონ", - წერს უმბერტო ბროკი და აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის პირობაც დადო.
"ივანიშვილის ქმედებები სრულად ეწინააღმდეგება წინამორბედის ქმედებებს. როცა რუსმა სამხედროებმა 300 მეტრით გადმოწიეს ბარიერები სამხრეთ ოსეთის სადაო ტერიტორიის საზღვარზე, ივანიშვილის პასუხი იყო, რომ მოსკოვის ქმედებების კრიტიკისთვის მიზეზი არ არსებობდა – დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდებაო", - წერს ბრიტანული გამოცემის ავტორი.
სტატიაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, "ქართული ოცნების" დროშები კლავაც ფრიალებს სახლების თავზე. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამარჯვებას მათი საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოიპოვებს, ეს მაინც არ არის სტაბილურობის გარანტი.
"კოალიცია ივანიშვილისა და მისი ფულის გარშემოა გაერთიანებული. თუმცა, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავა. თუ პრემიერი დანაპირებს შეასრულებს, მაშინ პოლიტიკურად დანაწევრებული საქართველოს დატოვებას რისკავს, რომელსაც დასავლეთი არ ენდობა. სააკაშვილს კი, რომელსაც კონსტიტუციით მესამე ვადით არჩევა არ ეკუთვნის, ივანიშვილის გადადგომით გამოუწვეული უპირატესობის ხელში ჩაგდება გაუჭირდება, რადგან საკუთარი პარტიის აღდგენა, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწევს ისევე როგორც ბრძოლა - თავი არიდოს ციხეში გამომწყვდევის ნებისმიერ მცდელობას. ციხეში, რომელიც მისი რეჟიმის დროს ასეთი ცნობილი გახდა. როგორც ჩანს, ერთადერთი ძლიერი ინსტიტუციაა ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ, ამ მომენტით ისარგებლებს. ამასობაში კი კრემლი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს", - წერს უმბერტო ბროკი.