ეუთოს დეკლარაციასა და რეზოლუციებში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

ეუთოს დეკლარაციასა და რეზოლუციებში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

სტამბოლში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე პლენარული სესიის ფარგლებში ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია და რამდენიმე რეზოლუცია დაამტკიცა. 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, სახელწოდებით "ჰელსინკი +40" "დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული საკითხების" შესახებ ქვეთავის 152-ე პუნქტში ნათქვამია, რომ ასამბლეა მიესალმება საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით პირველად შეცვლას.

"იხსენებს რა, 2012 წელს მონაკოში, საქართველოს სიტუაციის შესახებ მიღებული რეზოლუციის პრინციპებს და მიესალმება რა, ისტორიაში პირველად ხელისუფლების გადაცემას არჩევნების გზით, ასამბლეა ხაზს უსვამს კანონის უზენაესობის მნიშვნელობას, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს შერჩევითი სამართლის გამოყენებისგან და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავების თაობაზე", - ნათქვამია რეზოლუციაში.

როგორც ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის "პოლიტიკური საქმეებისა და უსაფრთხოების" ქვეთავშია აღნიშნული, ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს თავმჯდომარეებსა და პარტიებს, გააორმაგონ ძალისხმევა კავკასიისა და მოლდოვას რეგიონში კონფლიქტების გადაჭრის გზების მოძიების მხრივ.

"ასამბლეა ასევე მოუწოდებს მონაწილე პარტიებს, უზრუნველყონ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესის დაწყება და რეკომენდაციას უწევს შეათანხმონ მექანიზმები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისთვის", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთო-ს აღადგინოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

"ასამბლეა ასევე მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, იპოვოს საქართველოში 2008 წლის ომის შედეგების გადაჭრის გზები. მიესალმება რეგიონში უსაფრთხოების ინციდენტების შემცირებას და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას. მოუწოდებს ეუთო-ს გააგრძელოს მუშაობა საქართველოში ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გატარებისთვის", - ნათქვამია რეზოლუციაში. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოში ცოტა ხნის წინ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს.

"ასამბლეა მიესალმება საქართველოში მიმდინარე სასამართლოს რეფორმებს, რათა უზრუნველყოს უკეთესი ბალანსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის და გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა", - ნათქვამია რეზოლუციაში.