საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კონფერენციაში "აღმოსავლეთ პარტნიორობა" მონაწილეობა მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით , ლიტვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვიდა პირველ პანელში - "ევროკავშირი, როგორც მეზობელ რეგიონში უსაფრთხოების გარანტი". კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ევროკავშირის უსაფრთხოების თემატიკაზე და საქართველოს წვლილზე ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
"საქართველოს ინტეგრაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა წარმოდგენილი სახელმწიფოსთვის. დარწმუნებული ვარ, ლიტვის პრეზიდენტობის 6-თვიან პერიოდში საქართველოს საკითხი სამიტისთვის მომწიფებული იქნება და გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. ჩვენ გვინდა, რომ ამ დროისთვის ასოცირების შეთანხმება იყოს მომზადებული და ვაჭრობის შესახებ ჩვენი ხელშეკრულება პარაფირებული. ასევე ვისაუბრეთ ვიზების ლიბერალიზაციის თემაზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" კონფერენცია ლიტვის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვილნიუსში 2-3 ივლისს გაიმართა. სემინარში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები ევროკავშირიდან და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 6 ქვეყნიდან.
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართავს.