ირანთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმის შემოღებას Wall Street Journal ეხმაურება

ირანთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმის შემოღებას Wall Street Journal ეხმაურება

საქართველოს მხრიდან ირანთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმის შემოღებას ამერიკული გამოცემა Wall Street Journal ეხმაურება. როგორც Wall Street Journal-ში სტატიის ავტორი, ბენუა ფუკონი წერს , საქართველომ ირანელებისთვის ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის პოლიტიკა იმ შეშფოთების ფონზე შეცვალა, რომ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნის მეშვეობით თეირანი სანქციებს გაურბოდა.

ამერიკულ გამოცემაშია აღნიშნულია, რომ ირანელები საქართველოში უვიზოდ 2011 წლის შემდეგ მოგზაურობდნენ.

"თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის მთავარ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველომ ცალმხრივად გააუქმა თავისუფალი სავიზო რეჟიმი ირანთან", - წერს ბენუა ფუკონი.

Wall Street Journal-ის სტატიაშია აღნიშნულია, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შედეგად, ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა ირანელ ტურისტთა და ირანული კომპანიების რაოდენობა ისევე, როგორც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა.

"თუმცა, ობამას ადმინისტრაციამ შეშფოთება გამოთქვა, რომ შესაძლოა, საქართველოს თეირანი ბირთვული პროგრამისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებდა", - აღნიშნავს ბენუა ფუკონი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირის წინ Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო, რომ რეჟიმთან დაახლოებული ირანელები საქართველოში კომპანიებს აფუძნებდნენ, საქრთველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდა.

"გასულ კვირას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ კაპიტოლიუმზე განმარტებების შეტევა მიიტანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თბილისი შეავიწროვებდა ირანელებს და ხაზი იყო გასმული ქვეყნის პროდასავლურ პოზიციებზე", - წერს ბენუა ფუკონი.

სტატიის ავტორი ციტირებს საქართველოში გამომავალი სპარსულენოვანი ჟურნალის რედაქტორის, სარა ღაზის სიტყვებს, რომელიც აღნიშნავს, რომ რამდენიმე ირანელი უკვე გააბრუნეს უკან სომხეთის საზღვრიდან და საქართველოში შემოსვლის ნება არ მისცეს, ზოგიერთს კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუუქმეს რეზიდენტობა.

"ამასობაში კი, ირანელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების შენარჩუნება სურთ. თბილისში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე საქართველოში ირანის ელჩის მოადგილემ ქებრიაი ზადემ განაცხადა, რომ საქართველო კვლავაც მიმზიდველ ადგილად რჩება ინვესტიციებისთვის, კერძოდ შავი ზღვის სანაპიროზე ტურიზმის თვალსაზრისით", - წერს Wall Street Journal-ში სტატიის ავტორი.