"ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს", - ამ სათაურით აქვეყნებს გერმანული Deutsche Welle-ს რუსული სამსახური ამალია ოგაჯანიანის ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი Deutsche Welle-სთან საუბრისას აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან არჩევნების დასრულებისთანავე პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.
"თუმცა, სხვა მიზეზიც არსებობს – კონსტიტუციით, პრემიერის პოსტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – პრეზიდენტის. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას, მას ყველა ის თვისება აქვს, რაც ღირსეული პრეზიდენტობისთვისაა საჭირო. ის განათლებული, გამოცდილი, კარგი მენეჯერი, კრეატიული, კარგი მეგობარი და გუნდური მოთამაშეა, უყვარს თავისი ქვეყანა და ეს თანამდებობა მისთვის აკვიატება არ იქნება. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვებისგან განსხვავებით, მარგველაშვილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სავარძელს არ მიეჯაჭვება. ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში მოსახლეობა მას კარგად გაიცნობს. გარდა ამისა, მარგველაშვილს ჩვენი კოალიციის პოპულარობაც დაეხმარება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილმა Deutsche Welle-სთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ნაცვლად, "ნაციონალურ მოძრაობას" საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურად სხვა ნებისმიერი წევრის დასახელება შეუძლია. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენტად არ მიიჩნევს.
"ჩემი აზრით, "ნაციონალები" ჩვენი კონკურენტები არ არიან. ისინი არჩევნებში მეორე ადგილსაც ვერ დაიკავებენ. ასე რომ, ვფიქრობ, მცდარია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს "ნაციონალების" წევრებს იმიტომ ვაკავებთ, რადგან ისინი ჩვენი კონკურენტები არიან. ჩვენ არავითარ შემთვევაში არ დავუშვებთ საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებსა და საარჩევნო მართლმსაჯულებას. ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი წარმომადგენლის გამოგზავნა და მოვლენებზე დაკვირვება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილთან თანამშრომლობა ვერ შედგა და პრეზიდენტთან საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს. მისივე თქმით, სააკაშვლმა არ შეცვალა მართვის საკუთარი მეთოდები, რაც ხელს უშლის პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობის განვითარებას.
"სააკაშვილთან, ხელისუფლებაში მის მოსვლამდე, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა. ბევრ რჩევას ვაძლევდი, ვეხმარებოდი მასაც და სახელმწიფოსაც. თუმცა მას შემდეგ, რაც ტიპიური დიქტატორისთვის დამახასიათებელი ჭეშმარიტი სახე გამოაჩინა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ქვეყანას დამართა, მასთან ურთიერთობის სურვილი არ გამაჩნია და ამის საჭიროებასაც ვერ ვხედავ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
Deutsche Welle-სთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სოჭის ოლიმპიურ თამაშებამდე არ მოხდება.
"რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა – ფაქტობრივად, აღდგენილია სავაჭრო ურთიერთობები, ქართული პროდუქცია უკვე შევიდა რუსულ ბაზარზე. ასევე ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისა და ავიარეისების აღდგენაზე. თუმცა, რჩება პრობლემატური საკითხები ისეთი, როგორიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ხალხის დაპატიმრება და მავთულხლართების გადმოწევაა. ამ საკითხებზე ჩვენ პაუხს ვითხოვთ. თუმცა, არა მგონია, ეს კრემლიდან კეთდება. ერთი სიტყვით, მომავალში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის პერსპექტივები არსებობს", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, საქართველომ კი უნდა შეძლოს მათთვის მომხიბლავი სახელმწიფოს აშენება.
"ჩვენ ხალხისთვის უნდა ვიბრძოლოთ და არა – მიწისთვის. ხალხს უნდა გაუჩნდეს ჩვენთან ერთად ცხოვრების სურვილი. სწორედ ეს გახდება გადამწყვეტი. არ არსებობს სხვა გზა, გარდა მეგობრული ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების. ვფიქრობ, არც რუსეთს აძლევს ხელს გვერდით სეპარატისტული რეგიონების არსებობა. თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა კიდეც, რომ "ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვთქვათ უარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისგან". რა თქმა უნდა, რთულია უარის თქმა. პუტინის განცხადების ქვეტექსტში იგულისხმება, რომ ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ქართველებთან ერთად უნდათ ცხოვრება, რუსეთს უფრო მეტად გაუადვილდება თავის აღიარებაზე უარის თქმა. ტყუილად ფიქრობს ყველა, რომ რუსეთს როცა უნდა მაშინ შეუძლია მიწების წართმევა და დაბრუნება. ეს არ არის ადვილი. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, რომ ჩვენთან თანაცხოვრება უფრო კარგია, ვიდრე უჩვენოდ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
Deutsche Welle-სთან ინტერვიუს დროს საქართველოს პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობისა და ნატო-ში გაწევრიანების შეთავსება რთული იქნება. თუმცა, მისივე თქმით, ბევრმა ქვეყანამ – პოლონეთმა, ჩეხეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა – ეს მოახერხეს.
"მაგრამ საქართველოსთვის ეს რთული იქნება. სააკაშვილი მრავალი წლის განმავლობაში აღიზიანებდა მოსკოვს იმით, რომ თუ საქართველო ნატო-ში შევიდოდა, რუსეთი ამით თითქოს დაიშლებოდა. მან ყველაფერი გაართულა თავისი რიტორიკით. ამიტომ ახლა რუსეთი გაღიზიანებული უყურებს საქართველოს ნატო-ში შესვლას. ნატო-ში ინტერგრაცია მხოლოდ ჩემი სურვილი კი არა, ქვეყნის სტრატეგია, ხალხის არჩევანია. თუმცა, რამდენად მარტივია ამის გაკეთება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, რთული საკითხია. ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად იმაზეც კი, როგორ განვითარდება რუსეთი. მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მოხდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოჭის ოლიმპიურ თამაშებს.
მისივე თქმით, შესაძლოა, ის გარდამტეხი აღმოჩნდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის, თუმცა იქამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
Deutsche Welle-სთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე მზად იყო, რომ მისგან ქართველი ხალხი ბევრი პრობლემის მოგვარებას მოითხოვდა.
"ქართულ ხასიათს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ქართველები მეოცნებე ხალხი ვართ, ყველაფერი ერთბაშად გვინდა. როგორც წესი, დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ხალხი ნებისმიერი პარტიისგან სწრაფ შედეგებს ითხოვს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, თუმცა უკმაყოფილოებიც გვყავს. ცხრა წლის განმავლობაში ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ფაქტობრივად, ტაბუირებული იყო. წინა ხელისუფლების დროს ინვალიდების მცირერიცხოვანი აქციაც კი დაშალეს. ახლა კი ხალხმა თავისუფლება იგრძნო. სწორედ ამიტომ მოუნდათ ქუჩაში გამოსვლა და ხშირი აქციების გამართვა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი იმედგაცრუებულია, რადგან ფიქრობს – აი, თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში, მე კი ისევ ჯიბეგაფხეკილი ვარო. თუმცა, საერთო ფონი დადებითია და რეიტინგებიც კარგი გვაქვს. ვფიქრობ, ბევრი ხედავს ქვეყანაში პროგრესს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მას არ ეშინია ამ იმედგაცურების, რადგან რამდენიმე წელიწადში პოლიტიკაში აღარ იქნება და მუშაობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კუთხით გააგრძელებს.
"ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ 20 წლის განმავლობაში კარგი პრეზიდენტი არ გვყოლია, არამედ ის, რომ მოსახლეობამ არ იცის როგორ აირჩიოს და მერე როგორ აკონტროლს თავისივე არჩეული. მოსახლეობამ ხელისუფლებისგან ის უნდა მოითხოვოს, რისი გაკეთებაც ხელისუფლებას რეალურად შეუძლია და არ მისცეს უფლებამოსილება რაც არ ეკუთვნის. მაგრამ ეს რთული პროცესია და ბევრი დრო სჭირდება. ჩემი "ქართული ოცნებაა", რომ 20 წლის შემდეგ საქართველოში ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოება გაჩნდეს. ეს მინიმალური ვადაა, რადგან ვიცით, რამდენი დასჭირდა ამისთვის ევროპას. მაგრამ ქართველი ვარ და, შესაბამისად მინდა, რომ ყველაფერი სწრაფად მოხდეს. მინდა, სიცოცხლეშივე ვნახო საქართველოში ევროპული საზოგადოება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.